- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ და კომპანიის დირექტორმა დაათვალიერეს სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
უწყების ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მშენებარე ნარჩენების განთავსების ობიექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება და მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მოემსახურება. ახალი ობიექტის ამოქმედების პარალელურად, რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განხორციელდება.
„ნარჩენების განთავსების თანამედროვე ტიპის ობიექტის მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით. ამასთან, არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელთა აღმოსაფხვრელად, ყველა დაინტერესებულ მხარესთან კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ობიექტის მშენებლობა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებულად მართვის პროგრამა 2“-ის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული მომსახურების უზრუნველყოფას.
