- ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის EU4Culture პროექტის ხელშეწყობით შემუშავდა და დამტკიცდა, ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე, რეგიონში პირველი გასტრონომიის აკადემია და სტუდენტთა შემოქმედებითი ინკუბატორი გაიხსნა.
აკადემია ოფიციალურად ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, პროექტის EU4Culture ხელმძღვანელმა ანატოლი ბაიფერტმა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ გახსნეს.
აკადემიის უპირველესი მიზანია გასტრონომიული ტრადიციების მოძიება, აღნუსხვა, შენახვა და განვითარება, ახალი შესაძლებლობების შესწავლა და ადგილობრივი გასტრონომიული შეთავაზებების პოპულარიზაციის აქტიური მხარდაჭერა. აქვე დაიწყო კვლევები ონლაინ ჟურნალის გამოსაცემად და ზუგდიდის გასტრონომიის მუზეუმის ბაზის შესაქმნელად, რომელიც შემდგომში გააერთიანებს სამეგრელოს და ზოგადად, კოლხეთის გასტრონომიული კულტურის მასალებს.
ღონისძიებას დონორი ორგანიზაციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ. ასევე, დარგის ექსპერტები, საქართველოს გასტრონომთა ასოციაციის პრეზიდენტი დალილა ცატავა, კულტუროლოგი ესმა კუნჭულია, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინო სანადირაძე.
ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში აკადემიის დაარსება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას. დღესვე, სტუდენტთა შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე შექმნილი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის ,,ერთი დღე კოლხეთში“ ფილმის ჩვენება გაიმართა.
ზუგდიდის მერიამ ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300,000 ევრომდე დაფინანსება მიიღო. პროექტის მიზანია, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.