ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სოლიდარობას უცხადებს პროტესტის მონაწილე ახალგაზარდებს


  • “შეუძლებელია სკოლა ატარებდე საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელს და გული არ შეგტკიოდეს იმაზე, რაც ახლა საქართველოში ხდება”, -ამის შესახებ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

“ჩვენ, ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროტესტის მონაწილე ახაგლაზრდებს, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – ევროპასთან ინტეგრაციას. ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე!

სკოლებში ჩვენ მხურვალე ემოციებით შთაგვაგონეს წმინდა ილია მართალის იდეები. გვასწავლეს მისი დიადი ცხოვრება და შემოქმედება. ეს გვიბიძგებს, რომ არ დავნებდეთ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში, რათა “ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“. ჩვენი მოტივაცია სწორედ ის არის, რომ შემდეგ თაობას, ჩვენ პატარა სკოლელებს არ მოუწიოთ კვლავ მტკიცება, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ერთხელ და სამუდამოდ, მათ დროს მაინც დადგეს დღე, როცა ახდება ნანატრი ოცნებები ჩვენი წინაპრების, განათდება ცეცხლის მზე…

ჩვენი მასწავლებლები აცრემლებული თვალებით გვიხსნიან და იხსენებენ 9 აპრილს, როდესაც შეიქმნა ერის დიდებული ერთობა. ამ დიადმა ხალხმა, რომელებიც ოკეანზე უფრო მღელვარები იყვნენ, გაარღვიეს საბჭოთა ბნელეთი. ჩვენ გვტკივა 1921 წლის საქართველოს სისხლიანი თებერვალი. ჩვენ გვბოჭავს მავთულხლართები, რომლებიც გვყოფს აფხაზეთისა და სამაჩაბლოსაგან. თუმცა ამ ქართველთათვის თანდაყოლილ სევდასთან ერთად, ჩვენმა მასწავლებლებმა ისიც გვასწავლეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

გვასწავლეს, რომ “თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს”.

გვასწავლეს, რომ “ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება, თუ მოაკლდება თავისუფლება?”

გვასწავლეს, რომ “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა… დროშები ჩქარა!”

გვასწავლეს, რომ “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი.”

გვასწავლეს, რომ “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!”

გვასწავლეს, რომ “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”

გვასწავლეს, რომ “არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!”

აქედან გამომდინარე, როგორც შვილდაღუპული კოტე მაყაშვილი წერდა, რომ წუთიერი სისუსტე იყო ამქვეყნიური გასაჭირი…რომ მაროს მამა ლაჩარივით არ შეშინდებოდა. მსგავსად, მაროს, ანწუხელიძის, ილიას, მერაბ კოსტავას და უამრავი საამაყო ქართველთა ქვეყანა, არ უნდა შეშინდეს.

და ბოლოს, თითქმის ჩვენი ტოლი მარო მაყაშვილისთვის გვაქვს ერთი რამ სათქმელი. პირველ რიგში მადლობა, რომ თავი გასწირა საქართველოსთვის, ჩვენი მოამვლისათვის. კიდევ ის, რომ ეს ქვეყანა გადარჩება! საბოლოოდ კი, ისევ მისი მამის სიტყვებით მივმართავთ:

“შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,

სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,

და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,

წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!