- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილო, მიუხედავად ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციისა, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს: მოდიან მოქალაქეები ყოველდღიურად და ან ადგილზე მიირთმევენ მათ წილ ულუფას, ან სახლში მიაქვთ.
ასე იყო ჩვენი სასადილოში სტუმრობის დროსაც. ბენეფიციარები სასადილოს დახლთან, სხვათაშორის, საკმაოდ უშიშრად, იდგნენ რიგში ულუფის მისაღებად. მათი უმრავლესობა, დაახლოებით 40-დან 80 წლამდეა, გვითხრეს, რომ იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, არ ეშინიათ კორონავირუსის და ფიქრობენ, რომ ქვეყანაში უფრო მეტია პანიკაა, ვიდრე რეალური საშიშროება.
ნატო ბულია: “მე ყოველდღე დავდივარ აქ. გამონაკლისი შემთხვევების გარდა. პირადად მე, არაფრის მეშინია. სასადილოში სისუფთავეა. იცავენ ჰიგიენას. ხელთათმანები და პირბადეები უკეთიათ და ისე გვემსახურებიან. ჩვენც ვიცავთ სისუფთავეს. ხშირად ვიბანთ ხელს საპნით და ვანიავებთ ოთახებს. იტალიაში ხომ ხედავთ რა ამბავია, ღმერთმა აშოროს საქართველოს მსგავსი ვითარება”.
მაია ხვარძიკია: “სასადილოში დეზინფექცია ჩატარდა. ყოველდღიურად ვცდილობ დავიცვა ჰიგიენა, ხელს ვიბან ხშირად, ხალხმრავალ ადგილებში არ დავდივარ. ზოგჯერ პირბადით გადავაადგილდები, მაგრამ ახლა პირბადეც დეფიციტშია, არსად არ იშოვება. თქვენ იცით, სიტყვა “კარანტინი” რას ნიშნავს? ღმერთმა აშოროს საქართველოს. საქართველო ღვთისმშობლის ქვეყანაა და ის დაგვიცავს”.
გელა ხომასურიძე: “ერთი წელია ამ სასადილოს ბენეფიციარი ვარ და თითქმის ყოველ დღე მოვდივარ. აქ ვსადილობ. ვინც გვემსახურება, იმათ ხელთათმანები და პირბადეები უკეთიათ. ვხედავთ როგორ იცავენ ჰიგიენას. მეც ვცდილობ არავის ხელი არ ჩამოვართვა და დისტანცია დავიცვა. ზოგიერთს წყინს, მაგრამ ვითვალისწინებ რეკომენდაციებს. არ მინდა ჯერ სიკვდილი”.
რაც შეეხება იმ ფართის დეზინფექციას, რომელშიც განთავსებულია სასადილო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია ამბობს, რომ სასადილოში სავალდებულო დეზინფექცია ჩატარდა. “თუ შემთხვევა იქნება და მაღალი გამოწვევა ვირუსის, რა თქმა უნდა, პერმანენტულად განხორციელდება ფართის დეზინფექცია. რეკომედაცია არის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, სველი წესით დაამუშავონ გარემო”. ამ უკანასკნელს კი, რაც მართალია, მართალია, ბენეფიციარები არ უჩივიან, ამბობენ, რომ სასადილოში სისუფთავის მხრივ, ყველაფერი რიგზეა.
პ.ს. “ზუგდიდელებისგან”: სასადილოს ბენეფიციარების განწყობა გასაგებია და მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ მედიასთან, სასადილოს მომსახურე პერსონალის მიერ მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება, მაგრამ ჩვენი იქ ყოფნის დროს, მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა პირბადის, ხელთათმანის და ხალათის გარეშე. შენიშვნაზე, რატომ არ ეკეთათ დამცავი საშუალებები, გვითხრეს, რომ აქვთ პირბადეებიც და ხელთათმანებიც. ბენეფიციარებიც, ერთი შეხედვით ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ, მაგრამ… მაგრამ კიდევ ერთი მაგრამ… უნდა ითქვას: როცა ყოველ დილით, კუთვნილი ულუფის ადგილზე მისართმევად, თუ სახლში წასაღებად მოსული ბენეფიციარების რიგი დგება, ინფიცირების საშიშროება მაღალია. მით უფრო, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ქვეყნის მთავრობა გვაფრთხილებენ, რომ გავერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. როცა იხურება სკოლები, ბაღები, სულაც არ იქნებოდა ურიგო, ასაკოვანი ბენეფიციარების უსაფრთხოების მიზნით, როცა მათი რიცხვი, ოფიციალურად 280-მდეა, და ბევრი ერთი ოჯახის წევრია, ინდმეწარმე “თემურ ქვარცხავას” და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთობლივად, გამოენახათ საშუალება და ადგილებზე, ოჯახებში, მიეტანათ ბენეფიციარებისთვის მათი კუთვნილი ულუფები. ეს ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკაა საგანგებო სიტუაციების დროს.