- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღზრდელო დაწესებულებათა მართვის (სსდმ) ცენტრმა 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და წლის ანგარიშს დაეთმო. ღონისძიებას ზუგდიდის არტ გალერეამ უმასპინძლა.
პრეზენტაციაში მონაწილეობა სსდმ ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაღების გამგეებმა და აღმზრდელებმა მიიღეს. მათ შეკრებილ საზოგადოებას წლის განმავლობაში განხორციელებული განსაკუთრებით საინტერესო, წარმატებული პროექტები და აქტივობები გაუზიარეს, ასევე ისაუბრეს მომავალ გეგმებსა და პრიორიტეტებზე.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და ინტერაქციული აქტივობები: გამოიფინა ბაღის აღსაზრდელების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო თვალსაჩინოებები.წარმოდგენილი იყო მეორადი მასალებისგან დამზადებული, ეკოლოგიურად სუფთა ხელნაკეთობები. ჩატარდა თაბაშირის ნაკეთობების შექმნის საინტერესო მასტერკლასი. პატარებმა აუდიტორიას ორიგინალური და შთამბეჭდავი მუსიკალური პერფორმანსი შესთავაზეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია, მერიის შესაბამისი სამსახურების, სსდმ ცენტრის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები.
ხათუნა თოლორაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სსდმ ცენტრის დირექტორი: “მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებს – ლელა გრიგოლაიასა და მაია ღუბელაძეს, ასევე ყველა პრეზენტატორს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის, დაუღლავი შრომისა და მაღალი მოტივაციისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ჩვენ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ და მომავალ თაობას მეტად კომფორტულ, ინკლუზიურ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოს შევუქმნით.”

