- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე, განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა.
განახლებული ინფრასტრუქტურა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ დაათვალიერეს.
ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 3 მილიონი ლარი შეადგინა, ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდეა.
„დასრულდა ენგურზე გამავალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც აკავშირებს დარჩელისა და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებს. აღსანიშნავია, რომ ადრე არსებული ხიდი რკინის კონსტრუქციით იყო ამორტიზებული და სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, ხოლო ახალი ხიდი არის ორზოლიანი, რომელიც მოიცავს საფეხმავლო ბილიკებს ორივე მხარეს და ამ მშენებლობით ჩვენ გადავწყვიტეთ უმნიშვნელოვანესი საავტომობილო ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც აწუხებდა არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ვიზიტორებსაც, ვინაიდან ეს გახლავთ საკურორტო ზოლი და აქედან გამომდინარე ჩვენს მოსახლეობას და ვიზიტორებს აქვთ საშუალება კომფორტულად იმგზავრონ“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ამჯერად ვიმყოფებით განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც დასრულდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა. ხიდის პარამეტრები სრულად აკმაყოფილებს იმ მობილობის სიმძლავრეებს, რომელიც ხორციელდება ზუგდიდიდან-განმუხურის მიმართულებით“-აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
აქამდე არსებული ხიდი ავარიული იყო, რაც ადგილობრივებსა და ტურისტებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.