ზუგდიდის მერიაში თანამშრომლებს ახალი ვიცე-მერი წარუდგინეს


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, თანამშრომლებს ვიცე-მერის თანამდებობაზე თი ბი სი ბანკის ზუგდიდის ფილიალის ყოფილი მმართველი გიორგი შენგელია წარუდგინა. მაიზერ ნანავას განცახდებით, ახალდანიშნული მერი იქნება კურატორი ინფრასტრუქტურის შესყიდვების, საფინანსო სამსახურის და ქონების მართვის მიმართულების. “მინდა წარვადგინო ახალგაზრდა კაცი დიდი გამოცდილებით საბანკო სექტორში და ფინანსური მიმართულებით. ამ თანამდებობაზე რამდენიმე პირი მქონდა შერჩეული,  მაგრამ არჩევანი შევაჩერე ბატონ გიორგი შენგელიაზე, თავისი ერუდიციით, ინტელექტით გამორჩეულ ადამიანზე. ბატონი გიორგი  დღეიდან შეუდგება მუშაობას. მე მინდა მას წარმატება ვუსურვო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ახალგაზრდები უნდა იყვნენ საჯარო სექტორში.”-განაცხადა მაიზერ ნანავამ. გიორგი შენგელიამ მერის მოვალეობის შემსრულებელს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის. “მე მოვდივარ კერძო სექტორიდან. დღემდე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილებით. ურთიერთობებით შევძლებ წავადგე ჩემს ქალაქს, ზუგდიდელებს. ვხედავ, რომ ხორციელდება გარკვეული სასიკეთო ტენდეციები ჩვენი მოსახლეობის მიმართ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხვდები ამ ტენდეციების მონაწილე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იყოს კოორდინირებული მუშაობა  ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის”.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვიცე-მერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. “ერთდაერთი, რაც მამოძრავებს ის არის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის ყოფა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, საჭირბოროტო საკითხების მიმართულებით, რომელიც ზუგდიდელ მოქალაქეებს აწუხებთ”. მისი განმარტებით, ხედვები და სტრატეგია იქნება, მოქალაქეების კეთილდღეობა და უკეთესი რეალობის შექმნა.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ გიორგი შენგელია არის მის მიერ შერჩეული კადრი. ჟურნალისტების კითხვაზე, მერიაში იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები, მაიზერ ნანავამ თქვა, რომ ამ ეტაპზე არავითარი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. “მომავალში ვნახოთ”.- თქვა მაიზერ ნანავამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!