ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ა.ა.ი.პ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” დირექტორის ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, მორჩენილია მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალსაწრეტი სისტემების, არხების და ხელოვნური ბორების რეაბილიტაცია.
აშენდა დამხმარე შენობა თანამშრომლებისთვის, აღდგა “მებაღის სახლი”, გაკეთდა ახალი ორანჟერეა, აშენდა სამი საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. „ამ ეტაპისთვის ბოტანიკურ ბაღში მორჩენილია მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალარნების სისტემების, არხების რეაბილიტაცია. დარჩენილია მხოლოდ მათი მოპირკეთების სამუშაოები, რაც შეეხება ღობის პერიმეტრს, მთლიანად შეიცვალა და მოხდა ახალი ღობის გაკეთება“. ზვიად ქარჩავას განმარტებით, მთავარი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ამორტიზირებული იყო, არ ექვემდებარებოდა აღდგენას, მოხდა მისი დემონტაჟი და შენდება ახალი, ზუსტად იგივე პარამეტრებით. „რაც შეეხება მცენარეთა საფარს, თებერვლიდან-აგვისტოს თვის ჩათვლით, ხდებოდა პერიოდული პასპორტიზაცია და აღწერა მცენარეების. მათი დაზიანების ხარისხის დადგენა და შემდეგ პრევენციების დაგეგმვა. ამ პერიოდისთვის განხორციელდა რამდენიმე მცენარის ამოღება, რომელიც იყო დაზიანებული. განხორციელდა რამდენიმე მცენარის გადაბელვა და ამოვსება სპეციალური მასით“.
ზვიად ქარჩავას განმარტებით, თავიდან დაიწყეს მცენარეების შეფასება, შემოდგომის პერიოდისთვის, რომელსაც დაახლოებით თვენახევარში მორჩებიან და ზუსტად ეცოდინებათ შედეგი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა უპასუხა ზუგდიდელების იმ ნაწილს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ზუდიდში ბოტანიკური ბაღი აღარ არსებობს, ის უკვე პარკად იქცა და ხეების დიდი ნაწილი განადგურებულია. „ეს სრული სიცრუეა. მოხდა მხოლოდ რამდენიმე ხის ამოღება, რომელიც იყო დაზიანებული, არსებობს შესაბამისი დასკვნები. პროფესიონალების დასკვნის საფუძველზე განხორციელდა ჭრა. ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ, ისევ იქნება სამეცნიერო დანიშნულების და იქნება კლასიკური ბოტანიკური ბაღი, როგორიც იყო ადრე.
ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღში არსებული სექვოიას ხე დაზიანებულია, გამხმარია, წესით ამოსაღებია და არსებობს შესაბამისი დასკვნა, მაგრამ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დატოვონ. „როდესაც ექსპლოატაციაში შევა ბოტანიკური ბაღი, მოგვიწევს გარკვეული ტერიტორიის შემოფარგვლა უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით. რაც შეეხება ჭადრების ხეივანს, გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა. თითქმის ყველა არის დაზიანებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ და მოხდეს ფუღუროების, დაბჟენა-ამოვსება, რათა გავუხანძლივდეს სიცოცხლე ამ ხეივანს.“
ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ ამ პერიოდისათვის, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს “ჯვარედინა სასახლის” და ე.წ. “საჯინიბოს” რეაბილიტაცია-ადაპტაცია, რომელსაც დაიწყებენ 2019 წლის დასაწყისისთვის.
ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ისაუბრა ააიპ “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის» თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან გაათავისუფლების შესახებაც. მისი ინფორმაციით, თანამშრომლები აყვანილი იყო პასპორტიზაციის პროცესისთვის. „ეს სამუშაოები ამ ეტაპისთვის დასრულებულია, შესაბამისად არ იყო აუცილებლობა ამდენი თანამშრომლების ყოლა. კონტრაქტი ამოეწურათ, როდესაც ბოტანიკური ბაღი შევა ექსპლოტაციაში, ბოტანიკური ბაღის ადმინისტაცია, ეტაპობრივად, აიყვანს თანამშრომლებს“. ზვიად ქარჩავას თქმით, ამ ეტაპისთვის ბოტანიკურ ბაღში რვა თანამშრომელია.