- ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი მესამე დღეა აგრძელებს საპროტესტო აქციას.
სტუდენტები არჩევნების ხელმეორედ დანიშვნას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი, უნივერსიტეტში რჩება ღამითაც. დღისით მათ უფრო მეტი ახალგაზრდა უერთდება.
უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის და სასწავლო პროგრამა “რეპორტიორის” სტუდენტი ანა ჭანია: “მესამე დღეა აქ ვართ. საშუალება გვაქვს თავისუფლად გამოვხატოთ პროტესტი და დავრჩეთ ღამისთევით უნივერსიტეტის შენობაში. გვაქვს სითბო, პლედები, საჭმელ-სასმელი, რომელიც მეგობრებს მოაქვთ. დღისით მეტნი ვართ,-სტუდენტები, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გვიერთდებიან. ჩვენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ბრძოლას ვუერთდებით მოპარული ხმებისთვის, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ.”
ცესკომ გამოაქვეყნა 26 ოქტომბრის არჩვნების შედეგების ოქმი, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. აქციები ძირითადად მიმდინარეობს დედაქალაქში.