ზუგდიდელი ექიმის, მალხაზ ჯალაღონიას ფეისსათქმელი კორონავირუსზე


  •  ზუგდიდელი ექიმი, მალხაზ ჯალაღონია, თავის ფეისბუქგვერდზე საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო განცხადებას აკეთებს იმ მტკივნეულ თემაზე როგორიცაა კორონავირუსი და მისი გავრცელება საქართველოში:

“ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს!
მე ერთი ჩვეულებრივი ექიმი ვარ, ყოველგვარი სამედიცინო ხარისხის გარეშე. ცხოვრებაში ბევრჯერ გავჩუმებულვარ, როცა ხმა უნდა ამომეღო, მაგრამ დღეს გადავწვიტე ვთქვა სათქმელი.

საქმე კორონავირუსს და მის საქართველოში გავრცელებას ეხება. ზოგადი ბიოლოგიური კანონზომიერებაა, როცა პოპულაცია ძლიერ გაიზრდება , მაშინ ჩნდება დაავადებები, რომლებიც იწვევს ამ პოპულაციის ინდივიდუმების დაავადებას და სიკვდილს, რაც მიმართულია პოპულაციის ზომის შემცირებისკენ და ბუნების კანონებისთვის სულერთია, ეს პოპულაცია ჭიანჭველების პოპულაციაა, თუ ადამიანების. მოკლედ, ერთი პრობლემაა როგორ იქცა ახალი კორონავირუსი ადამიანის პათოგენად – ამ მოცემულობას ჩვენ უკვე ვერ შევცვლით და მეორეა, რა უნდა გაკეთდეს ამ საშიში დაავადების მსოფლიოში და კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში, გავრცელების შესამცირებლად. მედიცინა ზუსტი მეცნიერება არ არის, მაგრამ რაც შეეხება ინფექციური დაავადებების მიერ გამოწვეული ზიანის შემცირებას, დიდი ხანია ცნობილია ის მცნებები, რომელთა ჭეშმარიტებას ცივილიზებული სამყარო ეჭვქვეშ არ აყენებს.

კითხვა ასე დგას: ვართ თუ არა ჩვენ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი? საქმე არ ეხება ჩვენს დამოკიდებულებას ჰომოსექსუალიზმისადმი, ჰომოფობიისადმი, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, ვის მოსწონს ქოცი, ვის მოსწონს ნაცი. საქმე ეხება ჩვენი შვილების, ჩვენი მოხუცი მშობლების, ყველა ჩვენთაგანის გადარჩენას. არის ერთადერთი გზა, რომელიც გადის პირბადეების სწორ გამოყენებაზე, ხელების ხშირად დაბანვაზე, კარანტინზე, თვითიზოლაციაზე. დროებით უარი უნდა ვთქვათ ხელების ჩამორთმევაზე, თავშეყრის ადგილებზე მისვლაზე, ქელეხების გამართვაზე.

მაკვირვებს ბერძნული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების პოზიცია. შეიძლება ვცდები, მაგრამ თუ იტალიაში ვირუსის გავრცელებას ხელი იტალიელების უდისციპლინობამ შეუწყო, ირანში, მგონი, ალაჰის იმედზე ყოფნამ. ხომ ნამდვილია, რომ სამხრეთ კორეაში შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის საქმიანობასთან. რატომ უნდა იყოს კათოლიკური ეკლესია და რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენს ეკლესიაზე უფრო თანამედროვე და უფრო პრაქტიკული? დღეს დილით, ჩემმა თანამშრომელმა, ახალგაზრდა კაცმა, ზურა ხასიამ გამახსენა ერთი ფრაზა ბიბლიიდან ,,ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს!“


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!