- 20 იანვარს, ბელგიაში, ქალაქ განტში – ტექსტილის მუზეუმში ზუგდიდელი მხატვრის ელენე ფიფიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა და გაგრძელდება 15 თებერვლამდე.
ელენე ფიფია “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი აქვს ქსოვილითა და ძაფებით შექმნილი 40-მდე ფერწერული ნამუშევარი.
ელენე ფიფია: “გამოფენის გახსნა განსხვავებულ რეჟიმში წარიმართა. აქ 20-იდან გამოფენა გახსნილად გამოცხადდა და ერთ დათქმულ საათზე არ იკრიბებიან ადამიანები, როგორც ჩვენთან. სხვადასხვა დროს სტუმრობენ გალერეას. ჯამში ბევრმა ადამიანმა ნახა. უკვე ბევრმა გამოთქვა საკუთარი აზრი. მაგალითად, ჩემთვის ძალიან ღირებული იყო ერთ-ერთი საინფორმაციო არხის კორესპონდენტის, ჟულ ვერბარკის შეფასება. ის თვითონ ფოტოხელოვანია. ჩემი შემოქმედება მიაკუთვნა არა ტექსტილის, არამედ მხატვრობის სფეროს და თქვა, რომ ეს არის ფერწერა. ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რადგან ბავშვობიდან დღემდე, მაქვს მიზანი, მიუხედავად მასალისა, ჰქონდეს ფერწერის სტატუსი და ვფიქრობ, გამომივიდა.
მინდა გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები, რომელიც იმ წუთიდან დაიწყო, როდესაც თვითმფრინავი დაშვებას შეუდგა და გამოჩნდა ულამაზესი “დავარცხნილი” მინდვრები. საოცრად მოვლილი ტერიტორიები. ეს პატარა ქვეყანა, რომელიც საქართველოზე ბევრად პატარაა, მუდამ იბრძოდა და მან მოახერხა თვითმყოფადობის შენარჩუნება. 90-იანებში ვიყავი გერმანიაში. ძალიან მივამსგავსე გერმანიას თავისი ლანდშაფტითა და არქიტექტურით…
ბელგიაში ძირითადად საუბრობენ ნიდერლანდურად. მეორე ენა ფრანგულია. ყველაზე ძალიან, რაც მომეწონა ამ დალაგებულ ქვეყანაში, ის არის, რომ ყველა დაკავებულია თავისი საქმით და არიან უზომოდ შრომისმოყვარეები და დამოუკიდებლები. ბავშვებს პატარაობიდანვე აჩვევენ შრომას. (18 წლის შვილი თუ მშობლებთან ცხოვრობს, ეს დიდ სირცხვილად ითვლება.)
მინდა გითხრათ, რომ აქ არ შეწუხდებით არც პოლიტიკით, არც კოვიდსტატისტიკის განხილვით. ურთიერთობებში ძალიან ყურადღებიანები არიან. საოცრად თბილი შეხვედრა მომიწყვეს მუზეუმში, სადაც არის გამოფენილი ჩემი ნამუშევრები. მთელი დღის განმავლობაში, რომ არ მოვიწყინო, მომიტანეს სამუშაო მასალები (ქსოვილები, ძაფები) და შემიძლია იმ გარემოში შევქმნა ნამუშევარი. პარალელურად შემოდიან დამთვალიერებლები გასაუბრებაზე. მისვამენ მათთვის საინტერესო კითხვებს. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მათი აღფრთოვანება. სახელმწიფო დიდ ყურადღებას იჩენს ხელოვანი ადამიანების მიმართ. ეხმარება მათ მატერიალურად, რადგან ისინი თვლიან, რომ ხელოვანი ადამიანები, ქმნიან ქვეყნისთვის ღირებულს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. თვითონ მუზეუმს ჰქონდა საოცარი მომსახურების სერვისი. ექსპოზიცია, რეკლამები პრესასა, თუ ტელევიზიაში. ყველაფერი, რაც სჭირდება გამოფენას. ვისურვებდი, რომ ჩვენთანაც ჰქონდეთ ასეთი დამოკიდებულება. ერთი სიტყვით, დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.
“ზუგდიდელები” ელენე ფიფიას წარმატებებს უსურვებს.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ