მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს


ზუგდიდში საზოგადოების ნაწილი, რომელმაც გუშინ, 22 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის – „სახელმწიფო ენის შესახებ“ მიღება გააპროტესტა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართავს და რეზოლუციის ტექსტს უგზავნის, სადაც ვკითხულობთ: „თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფო ქართული ენა საჭიროებს დაცვა-განვითარებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ნორმებით უზრუნველყოფას, მაგრამ გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა იყოს გარკვეული საკანონმდებლო ნორმებით და მექანიზმებით ასევე დაცული ქართველური, მართალია სახელმწიფო ენების სტატუსზე პრეტენზიის არმქონე, მაგრამ საქართველოს ისტორიულ რეგიონებში – სამეგრელოსა და სვანეთში მაცხოვრებელთა მეგრული და სვანური ენები. არადა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვაცხადებთ: სამწუხაროდ ესაა ენები, რომლებიც ისტორიული ბედუკუღმართობის შედეგად შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ აშკარად გაქრობის საშიშროების წინაშე დგანან. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის თებერვალში, საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა (ზურაბ კვარაცხელია, ვლადიმერ ლუკავა, ბააკა თოდუა, რევაზ ფიფია, ზაალ ჯალაღონია, ზაზა ჯალაღონია, ხატია ჯანაშია, ბორის ბულია, გიზო მესხია, რევაზ ბაღათურია) მიმართა პარლამენტს ინიციატივით ზემოთხსენებული ენების დაცვა-განვითარებისთვის სახელმწიფოებრივი ზრუნვის აუცილებლობის გამო ჩამოყალიბებულიყო ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ქართულმა პარლამენტმა სამწუხაროდ უგულვებელყო. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ამჟამად მიღებული კანონით მიღებულია გადაწყვეტილება არა ქართველურ ენათა დაცვის, არამედ სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის თაობაზე. ე. ი. ნათელია, რომ დეპარტამენტი დაიცავს მხოლოდ სახელმწიფო ქართულ ენას, რომლის დაცვის საწინააღმდეგო ჩვენც ბუნებრივია შეუძლებელია რამე გვქონდეს, მაგრამ სრულიად დარწმუნებულნი ჩვენს სიმართლეში, ასევე ვაცხადებთ, რომ გლობალიზაციის ყოვლის წამშლელი და მანიველირებელი ტენდენციების მძლავრობის ეპოქაში უაღრესად საშურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმედ მიგვაჩნია ჩვენი იდენტობის უპირველესი გამომხატველი ენობრივი კულტურის დაცვა-განვითარებისათვის არსებობდეს აუცილებელი სახელმწიფო გარანტიები და სტრუქტურული მექანიზმებიც. თუ რამეს სჭირდება დღეს დაცვა, ეს სჭირდება გაქრობის ზღვარზე მისულ მეგრულ-ლაზურს და სვანურ ენებს, ამიტომ, მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს პარლამენტს რასაკვირველია, კანონი სახელმწიფო ენის შესახებ კი უნდა მიეღო, მაგრამ ამავე დროს გარკვეული საკანონმდებლო ნორმებით, ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნით, ასევე, აეღო უნდა პასუხისმგებლობა და ეზრუნა ჩვენ ენობრივ ტრიადაში შემავალი დანარჩენი ქართველური ენების მომავალზეც. მიგვაჩნია, რომ მიღებული კანონით პასუხისმგებლობა სამწუხაროდ უფრო იმაზეა აღებული, რაც შეიძლება ახლო პერიოდში კაცობრიობის ცოცხალ ენათა ნუსხიდან საბოლოოდ გაქრეს უძველესი და მდიდარი ლექსიკური ფონდის მქონე ისეთი ენები, როგორებიც არიან მეგრულ-ლაზური და სვანური ენები. თუმცა, შორს ვართ აზრისაგან, რომ ყოველივე ამის გამოსწორება არის შეუძლებელი. ვფიქრობთ: საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გაითვალისწინოს ჩვენი საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა სამართლიანი სურვილი და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობის კონტექსტში, ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები. თუ იარსებებს შესაბამისი ნება და სურვილი – მიღებული კანონის დახვეწა-გასწორება სავსებით შესაძლებელად მიგვაჩნია. გამომდინარე აქედან, ჩვენ, ა. წ. 22 ივლისს, ქ. ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში საჯარო და ღია შეკრების მონაწილენი მოვითხოვთ: 1. საქართველოს კანონში ,,სახელმწიფო ენის შესახებ” აუცილებლად იქნას დატოვებული ღია სივრცე შესაბამისი სამართლებრივი ფორმულირებით დანარჩენ ქართველურ ენათა ნაწილობრივი და გარკვეული დოზით გამოყენება-ფუნქციონირებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუნდაც იმ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ საუბრობს ამ ენებზე ადგილობრივი მოსახლეობა. 2. აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელმაც თავის მხრივ უნდა შექმნას სპეციალური კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ქართველურ ენათა აღიარებული სპეციალისტები, მწერლები, საზოგადო მოღვწეები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიამ უნდა შეიმუშავოს კომპლექსურ ღონისძიებათა პროგრამა, რომლის პრაქტიკული რეალიზებით უზრუნველყოფილი იქნება ქართველურ ენათა შენარჩუნება-განვითარება. და ბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა მყარად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ ამ უაღრესად აქტუალური, პრობლემური საკითხის პოზიტიურად გადასაჭრელად ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული რესურსი ჩევენივე ქვეყნის სახელისუფლებო სტრუქტურებში, ჩვენივე სამშობლოს გონივრულად მოაზროვნე და ადექვატურად განწყობილ საზოგადოებაში. ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი სურვილი მივმართოთ მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ან აწ უკვე მრავალპოლუსიანი მსოფლიოს რომელიმე პოლიტიკურ ცენტრს – იქნება ეს აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით თუ სამხრეთით. ჯერჯერობით ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ჩვენი მოთხოვნა არ დარჩება ოდენ ხმად ,,მღაღადებლისა უდაბნოსა შინა” და ხელისუფლება-მთავრობა პირველად საქართველოს ისტორიაში აიღებს პასუხისმგებლობას ქართველურ ენათა დაცვა-განვითარებაზე. გვწამს, ამით ის უთუოდ აღასრულებს უდიდეს ისტორიულ მისიას და უფლისათვის სათნო საქმეს“.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომელიც დღეს ზუგდიდში, საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა იმის გამო, რომ მიიჩნიეს, მასში არ არის ჩადებული მექანიზმი ქართველური ენების – მეგრულ-ლაზურ სვანურის შენარჩუნება-განვითარებისთვის.

კერძოდ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილთა განმარტებით, მათ პარლამენტს გააცნეს „ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის“ შექმნის იდეა, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს ქმნიდა მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების შენარჩუნება-განვითარებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრის მონაწილეთა თქმით, ეს ენები გაქრობის რეალური საშიშროების წინაშე დგანან, ამ მოცემულობის მიუხედავად კი, „სახელმწიფო არ აპირებს აიღოს პასუხისმგებლობა“ საფრთხის თავიდან ასარიდებლად. შეთავაზების მიუხედავად, ტერმინი ქართველური კანონპროექტში არ ფიქსირდება, კანონის მეოთხე მუხლში კი ჩაიწერა შემდეგი: „სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე“, – რაც შეხვედრის ორგანიზატორთა შეფასებით ზოგადი დეფინიციაა და კონკრეტულ, ეფექტურ შედეგზე ორიენტირებულ შინაარსს არ ასახავს.

მათი ეს დამოკიდებულება გაუგებარია საკანონმდებლო ორგანოს წევრის, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძისთვის. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის განხილვა წელიწად-ნახევრის მანძილზე მიმდინარეობდა.მისივე თქმით, ქართველური ენები საუკუნეების განმავლობაში ერთად მოდიან, და ყოველთვის ასე იქნება. განმარტა, რომ ახლადმიღებულ კანონში ჩადებულია ის მექანიზმები, რაც ამ ენების დაცვა-განვითარებას უზრუნველყოფს. კერძოდ, შექმნება სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად ქართველურ ენებზე ზრუნვა განისაზღვრება.
Livepress.ge


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!