- პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, აკადემიკოს რაულ ჩილაჩავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში მასთან შეხვედრას იხსენებს.
“1998 წლის მიწურულს კიევიდან თბილისში საგანგებო მისიით გაგვაგზავნეს სახალხო დეპუტატები დმიტრო პავლიჩკო, ივან დრაჩი, ლეს ტანიუკი და მე. უნდა შევხვედროდით უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს ილია მეორეს და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავარ ვლადიმერთან შუამდგომლობა გვეთხოვა. როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებლობა რამდენიმე შეურიგებელ კონფესიადაა დაყოფილი. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი სწორედ ეს საპატრიარქოა, რომელიც მოსკოვს ექვემდებარება და ეროვნული წრეების მიერ დესტრუქციულ ძალად მოიაზრება. ჩვენი ჩანაფიქრით ილია მეორე მიტროპოლიტ ვლადიმერს უნდა გასაუბრებოდა და კიევის საპატრიარქოსთან გაერთიანება ერჩია.
ჩავფრინდით თბილისში. სანამ პარტიარქთან შეხვედრა შედგებოდა, უკრაინის ელჩმა სტეფანე ვოლკოვეცკიმ კახეთის მონახულება შემოგვთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკიდურესად გაპარტახებული იყო, სიღნაღელმა მასპინძლებმა თავი გამოიდეს და ჩვეული პურ – მარილით დაგვხვდნენ. პურობა ტრადიციულად დიდხანს გაგრძელდა და პატრიარქთან კინაღამ დაგვაგვიანდა. გვარიანად შეღამებული იყო, მის სასახლეს რომ მივადექით.უწმინდესი და უნეტარესი გულითადად შემოგვეგება. გაიბა საუბარი. პავლიჩკო და დრაჩი დაჟინებით თხოვდნენ მასპინძელს გამოეყენებინა მართლმადიდებლურ სამყაროში თავისი დიდი ავტორიტეტი და ეკისრა შუამავლობა მათ გადამტერებულ მღვდელმთავრებს შორის. პატრიარქი გულმოდგინედ უსმენდა და მერე ჩვეული სიდინჯით წარმოთქვა: თქვენი ორივე მიტროპოლიტი სასულიერო აკადემიაში ჩემი მასწავლებელი იყო, დიდ პატივს ვცემ ერთსაც და მეორესაც, მაგრამ მედიატორად, ალბათ, ვერ გამოვდგები, ეს მხოლოდ თქვენი საშინაო პრობლემაა და იგი თავადვე უნდა გადაწყვიტოთ.
სანამ უკრაინელი სტუმრები პატრიარქის დასაყოლიებლად ახალ სვლებს ეძებდნენ, მოულოდნელად თავი ცუდად ვიგრძენი, ცივმა ოფლმა დამასხა და თვალებში ბურუსი ჩამიდგა.
– თქვენ ცუდადა ხართ! – მომესმა უცებ უწმინდესისა და უნეტარესის ხმა.
ნეტავი, როგორ შეამჩნია, მე ხომ კუთხეში ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი!
უარის თქმას აზრი არ ჰქონდა და მივუგე:
– დიახ, რატომღაც ვერა ვარ კარგად.
– ნუ გეშინიათ, ახლავე გაგივლით, – თქვა მან და მდივანს სთხოვა, წნევის გასაზომი მომიტანეო.
და აი, აქ შედგა ისეთი უნიკალური სცენა, ვინმეს რომ იგი ფირზე აღებეჭდა, მსოფლიო პრესის ფურცლებს მოივლიდა.
პატრიარქმა სახელო ამაწევინადა მკლავზე ლახტი დამადო. მიზომავდა წნევას და თან მეუბნებოდა: გლოცავთ და გარწმუნებთ, ახლავე კარგად გახდებითო.
უკრაინელებს თითქოს დაავიწყდათ, რაზეც იყვნენ მოსულები და ამ უცნაურ რიტუალს გაოცებით შესცქეროდნენ. ალბათ, მართლაც შთამბეჭდავი სანახავი იყო, როგორ უზომავდა საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი ქართველ პოეტს არტერიულ წნევას. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მისი ნათქვამი ახდა. სისუსტემ რამდენიმე წუთში გამიარა, თითქოს არც არაფერი დამმართნია. ჩვენმა ძირითადმა მისიამ, სამწუხაროდ, ვერ გაამართლა, მაგრამ იმ არაჩვეულებრივ სიტუაციაში აღვლენილმა ლოცვამ რაღაცნაირ განსაცდელს ნამდვილად ამარიდა.”



