ზვიად სიჭინავა ზუგდიდელებს მიმართავს


ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ზვიად სიჭინავა ავრცელებს მიმართვას ზუგდიდელებისადმი: ,,ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, ჩემო თანამოქალაქეებო, მას შემდეგ, რაც სურვილი გამოვთქვი, მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და კენჭი მეყარა ზუგდიდის მერის თანამდებობაზე, ძალიან ბევრი თქვენგანისაგან იმედიანი და მხარდამჭერი სიტყვები მოვისმინე.

ხშირად მიფიქრია, რა შემიძლია გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და ხშირად, მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მათ გადაჭრას ვერ შეძლებს.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ზუგდიდის მკვიდრს, მაწუხებს ყველა ის პრობლემა, რაც დასაქმების და პროფესიონალი კადრების ნაკლებობით, სუსტი მენეჯმენტით, გაუმართავი ინფრასტრუქტურის და მინიმალური პირობების არარსებობით არის განპირობებული. სანამ ახალგაზრდა ხარ, ამ ყველაფერს შესაძლოა მარტივად უყურებ, მაგრამ როდესაც ასაკში შედიხარ, მეტს ფიქრობ, მეტს აანალიზებ. ყოველთვის დგება მომენტი, რომ იზრუნო შენს ქალაქზე, შენს ქუჩაზე, შენს ხალხზე, შენს ქვეყანაზე.

გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არ მოსულა ერთ დღეში. თქვენი მხრიდან გამოჩენილმა მხარდაჭერამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.

მინდა, რომ მეტი გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ჩემი ზუგდიდელებისთვის, იმ ამომრჩეველისთვის, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდის მერს აირჩევს. არაერთხელ მითქვამს, რომ მერის თანამდებობა არ არის პოლიტიკური. ნებისმიერი სახელისუფლო პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას უნდა ემსახურებოდეს. თუკი იქნება ამომრჩევლისაგან ჩემი ზუგდიდის მერად არჩევის ნება, ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად და მხარდაჭერით, შევძლებ მეტი ვიშრომო და ვიზრუნო ჩემს მშობლიურ ქალაქზე.

სწორედ ამიტომ, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თავს უფლებას მივცემ კენჭი ვიყარო ზუგდიდის მერის პოსტზე, დამოუკიდებელ კანდიდატად. ვერ დაგპირდებით იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ, თუმცა ნებისმიერი პირობა, რომელიც ჩემი მხრიდან იქნება დადებული, ის აუცილებლად იქნება შესრულებული. მე მოვალ ყველა თქვენგანთან, მოვისმენ, რა გჭირდებათ უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ზუგდიდის მეტად განვითარებისთვის. ვფიქრობ, ერთად ვაქციოთ ოცნებები რეალობად, რეალობად, რომელიც ძლიერი მომავალის შექმნის საფუძველი გახდება.

ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ უკეთესი ქალაქი, უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის.

თქვენი მხარდაჭერის იმედად!

პატივისცემით, ზვიად სიჭინავა”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!