ვინ უნდა დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი, ძველმა, თუ ახალმა საკრებულომ?


  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დაწყებამ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გამოიკვეთა ერთი საინტერესო გარემოებაც, – ძველი მოწვევის საკრებულო ხომ არ ჩქარობს მთავარი დოკუმენტის დამტკიცებას, მანამ, სანამ ახალი მოწვევის საკრებულო შეუდგება მუშაობას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა “ზუგდიდელებთან” განმარტავს:

“მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის განხილვასა და დამტკიცებაზე პასუხისმგებლობა აიღოს ახალმა საკრებულომ, რომელსაც შემდგომში მის შესრულებაზე კონტროლი მოუწევს. აუცილებელია, რომ ახალი საკრებულო შეიკრიბოს მალევე და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში მოხდეს ბიუჯეტირების პროცესის შემდგომი წარმართვა. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ის, რომ კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდა დაჩქარებულ რეჟიმში. თუკი, წინა წლებში, ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი თითქმის ორი კვირა გრძელდებოდა, ახლა მხოლოდ 2 დღე მოანდომეს, რაც ასევე არალოგიკურია და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ბიუჯეტის პროექტის კარგად შესწავლასა და სრულფასოვანი შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, საზოგადოების ფართო ჩართულობას. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიუჯეტის პროექტის პროგრამული ნაწილი არასრულყოფილად არის წარმოდგენილი. ასევე პრობლემურია ისიც, რომ განხილვის პროცესში ჯერ არ არის ჩართული ახალი მერი და ჩვენ არც კი ვიცით, რა ხედვები აქვს მას 2022 წლის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით.

ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კი მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას. თუმცა, მოვლენათა განვითარების ასეთი შესაძლებლობის დაშვება ვერ იქნება გამართლება იმისა, რომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს მოქმედი საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი საკრებულო შეიკრიბოს უახლოეს დღეებში, მან განაგრძოს ბიუჯეტის პროექტის განხილვა და ახალი საკრებულოს მიერვე მოხდეს მისი დამტკიცება”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!