- 17 ივნისი “ვეფხისტყაოსნის” საჯაროდ კითხვის დღეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი ყოველწლიურად ეხმაურება ამ დღეს.
ბიბლიოთეკის Facebook-გვერდი დაეთმო “ვეფხისტყაოსნის’’ საჯარო კითხვას. ღონისძიებამ ვირუტალურ სივრცეში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. დღის განმავლობაში ბიბლიოთეკის გვერდზე იტვირთებოდა პოემის საჯაროდ კითხვის მსურველთა ვიდეოები.
ბევრი ჩაერთო, როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოს ფარგლებს გარედანაც. განსაკუთრებულად ემოციური იყო ემიგრანტების სიყვარულით გაჯერებული და წარმოთქმული სტრიქონები.
ბიბლიოთეკის მკითხველებმა, ბიბლიოთეკის მეგობრებმა, ცნობილმა სახეებმა: (რაულ ჩილაჩავა, მიმოზა ცანავა, ნიკოლოზ ხომასურიძე და სხვა) სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა თუ ფენის წარმომადგენლებმა ერთსულოვნად გამოხატეს თავიანთი სიყვარული და მოწიწება ჩვენი ეროვნული საგანძურისადმი.
ღონისძიების მონაწილეებმა საყვარელი ფრაგმენტები მშობლიურ და უცხოურ ენებზე წაიკითხეს.