“ვეფხისტყაოსანი” ბანგლადეშში, ბენგალურ ენაზე გამოიცა


  • ბანგლადეშში პირველად გამოიცა შუა საუკუნეების პერიოდის დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე ნათარგმნი წიგნი.

საელჩოს ინფორმაციით, პოემის თარგმანი ეკუთვნის ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, ხოლო წიგნისთვის შექმნილი, ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით შესრულებული ილუსტრაციები მოამზადა მაჰმუდ ჰასანმა.

“საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს ფასდაუდებელი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ამ დიდი პოემის ბენგალურ ენაზე თარგმნა და გამოცემა. 

მივესალმებით „ვეფხისტყაოსნის“ წარმატებით გამოცემას უძველეს ბენგალურ ენაზე,  რომლის სიდიადე უკვდავყო მსოფლიოს უდიდესმა პოეტმა, რაბინდრანათ თაგორმა. როგორც ცნობილია, ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს  ათ ყველაზე გამორჩეულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე საუბრობს 200 მილიონზე მეტი ადამიანი ბანგლადეშში, ინდოეთის დასავლეთ ბენგალისა და ტრიპურას შტატებში და ასამის შტატის რეგიონში Barak Valley. იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში.

„ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანი მოვლენაა  არა მხოლოდ რუსთველოლოგიის განვითარებისთვის, არამედ – კაცობრიობისთვისაც, ხალხებს შორის ურთიერთდაახლოების, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის.

წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსული, რიად მაჰმუდი წარუდგენენ „ვეფხისტყაოსანს“ ბანგლადეშის საზოგადოებას და ქვეყნის მთავრობის წევრებს. 

წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბენგალელი მკითხველისთვის, რაც მათ მისცემს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას.

საქართველოს საელჩო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი), გამოხატავს მადლიერებას ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსულის, ბ-ნი რიად მაჰმუდის მიმართ მის მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის ქართული ლიტერატურის შედევრის წარმატებულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში”.-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!