ვარგისია თუ არა ზუგდიდის თეატრი რეაბილიტაციისათვის?


ბოლო დღეების განმავლობაში, ადგილობრივი საზოგადოებისა და მედიასაშუალებების ყურადღების ქვეშ მოექცა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრი, იქნებ იმიტომაც, რომ იანვარი ქართული თეატრის დაბადების თვეა /14 იანვარი/ და ნებსით თუ უნებლიედ სცენისმოყვარულთა თუ არმოყვარულთა მზერა თეატრალებისკენ მიიმართა. გავრცელდა ინფორმაცია მის დახურვასთან დაკავშირებითაც. თეატრის ხელმძღვანელობა დახურვის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად გამორიცხავს, მაგრამ არ უარჰყოფს, რომ თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია, მეტიც სავალალო მდგომარეობაში!

ზურაბ ეგუტია, თეატრის დირექტორი: „- შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ჩვენ გავუგზავნეთ წერილი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ზუგდიდის მერიას და საკრებულოს თავმჯდომარეს ექსპერტთა ჯგუფის გამოყოფასთან დაკავშირებით, რომ შეისწავლონ თეატრის შენობის მდგომარეობა. ისინი დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ. ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი არის თუ არა შენობა ვარგისი.

-თუკი შენობა არ იქნება ვარგისი, რა ბედი ელის თეატრს?

-არის პირობა იმისა, რომ სხვა შენობას შეგვირჩევენ.

-კორეელებთან როგორ მიდის მოლაპარაკება, ინვესტირება იგეგმებოდა გასულ წელს.

-ჯერ კოდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება კორეელებთან თეატრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების დასრულების ვადა ჯერჯერობით უცნობია.

-თუ ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდება, რომ შესაძლებელია თეატრის რეაბილიტაცია, მაგრამ კორეელები უარს იტყვიან ინვესტიციის ჩადებაზე მაშინ რა მოხდება?

-კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რეაბილიტაცია მოხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით.

-ასეთ პირობებში მსახიობები ხომ არ რჩებიან ხელფასის გარეშე?

-ხელფასი აქვთ მსახიობებს, ყოველთვიური, მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა სპექტაკლის პრემიერა, მაგრამ დაბალია და უწევთ სხვა საქმითაც დაკავება.

-რამდენად უწყობს ადგილობრივი ხელისუფლება ხელს თეატრის განვითარებას?

-მერიამ გაგვიზარდა ბიუჯეტი. თუ 2014 წელს თეატრის ბიუჯეტი შეადგენდა 297 000 ლარს, 2015 წელს იყო 300 000 ლარი,2016 წლის ბიუჯეტში კი, ჩვენთვის, 380 000 ლარი განისაზღვრა.“

ბადრი წერედიანი, რეჟისორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: „წელს, 14 იანვარს, ჭიათურაში შეხვდა დასი. სპექტაკლებს აქ ვერ ვითამაშებთ. როგორ შეიძლება გარისკო და იმ დარბაზში, რომელსაც ბზარები აქვს გაჩენილი, მაყურებელი მიიღო. სწორედ, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს კოლეგებთან ერთად აღგვენიშნა თეატრის დაბადების დღე. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თეატრი დაიხურა, არ არის სწორი. ჩვენ არ გავჩერებულვართ, სპექტაკლებს ვამზადებთ, მაგრამ ვთამაშობთ ალტერნატიულ სივრცეებში-კოლეგა თეატრებში. მიმდინარე წელს ჩვენი სპექტაკლებით წარვსდგებით სენაკის, ფოთის, გორის და თბილისის სხვადასხვა თეატრის მაყურებელთა წინაშე. არ გვაქვს გაჩერების უფლება და არც გავჩერდებით. თეატრის დასი უკლებლივ აგრძელებს მუშაობას, ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში. ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმაც გამოთქვა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის, მაგრამ მისი სურვილიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ გაგიმხელთ ვისზეა საუბარი. ორ წელიწადში, ზუგდიდის თეატრი 150 წლის გახდება, ქალაქის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ საიუბილეო თარიღისთვის თეატრი უკვე გარემონტებული იქნება.“

ეკა ფარულავა, ივდით ხაზალია


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!