“… ვაი, რა ბოძი წაიქცა!..”-ნინელი ჭითანავას ხსოვნას


„… ვაი, რა ბოძი წაიქცა!..“
ძნელია გამოთხოვება!
საშინელია შემზარავ რეალობასთან შეგუება!
აუხსნელია „ბინდისგვარი“ წუთისოფლის სივერაგე!
შეუძლებელია სიტყვების პოვნა,რადგან მათ არანაირი ძალა და მნიშვნელობა არა აქვთ!
წარმოუდგენელია ნინელი ჭითანავას წარსულში გადანაცვლება.
გლოვისფრად გაუთენდა გიორგობისთვის 14 ქალაქს, თითქოს ყველა და ყველაფერი გაჩერდა, მზეც გაიყინა… თავზარდაცემული ზუგდიდი ეთხოვება თავის უსაჩინოეს ასულს, გამორჩეულ მოქალაქესა და სასიქადულო მამულიშვილს!
თავდახრილი დგას დაობლებული სასახლე; უკიდეგანო გლოვასა და მწუხარებას დაუვანებია მის კედლებში… ამიერიდან არ გამოაცოცხლებს მისი მხიარული სალამი, შეძახილი, ხარხარი,ზოგჯერ საქმიანი შენიშვნა, რასაც თითქმის ნახევარი საუკუნე ისმენდა.
სასახლის კოლექტივი ეთხოვება თავის გამორჩეულ ლიდერს, მამოძრავებელ ენერგეტიკას, იდეების გენერატორს… ის ყველგან იყო, ყველაფერს წვდებოდა მისი საქმიანი მზერა და მზრუნველი ხელი.
45 წელი იღვაწა სასახლეში, სასახლე იყო მისი ცხოვრების უმთავრესი აზრი და არსი, მისი დიდი ოჯახი. რუდუნებით ქმნიდა სამომავლო გეგმებს. იყო უკომპრომისო ხელმძღვანელი, არანაირ შეღავათს არ უწევდა არც თავის თავს და არც თავისი გუნდის წევრებს, რადგან მისთვის მთავარი ორიენტირი მოზარდი თაობა და მათი კეთილდღეობა იყო. გვეიმედებოდა, გვეამაყებოდა, ყოველ საქმეში თანადგომით გვამხნევებდა…
თვალსაჩინოა მისი ღვწის შედეგიც: რეგიონში ერთადერთი და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლე შთამბეჭდავია მიღწევებით ყველა სფეროში…
გვეგონა, ჩვეული შეუპოვრობით გაუმკლავდებოდა ამ ვერაგ ვირუსს, მაგრამ, ვაგლახ, რომ ვერ შეძლო!
დაობლებულ სასახლეში მწუხარებასა და გოდებას დაუსადგურებია, უსამანოდ იღვრება ყველა თაობის ცრემლები, ყველას ეწვის სული და ტკივა გული.
ვეღარ გაუძლო… წავიდა !
დაგვიტოვა გაუნელებელი ტკივილი და უსასრულო სევდა, უზარმაზარი, შეუვსები სიცარიელე, უსაზღვრო სიყვარული და გაუსაძლისი მონატრება.
უკვე გვენატრები… გვიყვარხართ… გლოცულობთ… მარადიულად იქნები ჩვენს გვერდით… შეუძლებელია თქვენი დავიწყება!
დაგვტოვე! კურთხეულიყოს თქვენი ცად ამაღლება! ღმერთს ებარებოდე, ჩვენი ცრემლები და სანთლები გაგინათებენ გზას!
მშვიდობით დაუვიწყარო მეგობარო! განისვენე, სადაც მართალნი განისვენებენ!
გმადლობთ, რომ იყავით ჩვენთან და ვიდრე იყავით გვიხალისებდი და გვილამაზებდი ცხოვრებას…
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!