- პირველი, ვინც „ზუგდიდელებს“, ზუგდიდელებისთვის, 2022 წლის საახალწლო მილოცვა გამოუგზავნა, სანკტ პეტერბურგში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ექიმი ელგუჯა ლატარიაა.
„ჩემო, ზუგდიდელებო, გილოცავთ 2022 წლის შემობრძანებას. პანდემიამ, მსოფლიო, განსაცდელის წინაშე დააყენა. გისურვებთ, ამ განსაცდელის მშვიდობიანად გავლას. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს, რადგან სიცოცხლეზე მშვენიერი არაფერია. მთელ ჩემ ცხოვრებას და მოღვაწეობას, რომელიც მართალია, საზღვარგარეთ მიმდინარეობს, კვებავს ჩვენი საერთო, საფიცარი ქალაქის, ზუგდიდისა და თქვენი, ზუგდიდელების სიყვარული. კოლხური ადათ-წესები სამაგალითოა ჩემი შვილებისთვისაც. ბევრჯერ, ჩემი ცხოვრების განსაცდელისა თუ წარმატებების ჟამს, მე ჩემი ზუგდიდელეობა მაძლიერებდა. გისურვებთ ეკონომიკურად ძლიერ, პოლიტიკურად მშვიდ ქვეყანაში და ქალაქში ცხოვრებას.“-ნათქვამია ტექსტში.
- ორიოდ სიტყვით ელგუჯა ლატარიაზე:
ბიოგრაფია ოჯახიდან იწყება და გვინდა თუ არა, ჩვენი პირველი სავიზიტო ბარათიც ჩვენი ოჯახია. ზუგდიდელების უმრავლესობისთვის, ლავრენტი ლატარიას და მერი აბშილავას ოჯახი პატიოსნების, განათლების, ინტელიგენტობის ფორმულა იყო და არის. ვერავინ აწონის იმ მოწიწებას, რომელიც ზუგდიდელის მიერ, პედაგოგ ლავრენტი ლატარაიას სახელის წარმოთქმას ახლავს. ელგუჯა ლატარია, სანქტ პეტერბურგში ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისპრორექტორი კლინიკური მუშაობის დარგში და საუნივერსიტეტო კლინიკების მთავარი ექიმი, ექიმი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი, სწორედ ლატარიების უმცროსი ვაჟიშვილია.
ელგუჯა ლატარიამ 1980 წელს, წარჩინებით დაამთავრა ქ. ზუგდიდის ა. წერეთლის სახელობის 1 საშუალო სკოლა. 1987 წელს აკადემიკოს ი.პ. პავლოვის სახელობის ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი და დღეს, 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია – 5 მონოგრაფიისა და 10-ზე მეტი სასწავლო სახელმძღვანელოსა და პრაქტიკული რეკომენდაციების ჩათვლით.
ელგუჯა ლატარია, როგორც ი.ი.გრეკოვის სახელობის უნივერსიტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის დოცენტი, აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე პირობებში მედიცინის სპეციალისტთა მომზადებაში.
2018 წელს, ე. ლატარიას ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისათვის, მიენიჭა „რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმის“ საპატიო წოდება.
ელგუჯა ლატარიას ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის კლინიკებში, პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წლის მაისში, 9 განყოფილება გაიხსნა კოვიდინფიცირებული ავადმყოფებისთვის. სწორედ ამიტომ, ამავე წელს, მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მადლობა კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი წვლილის შეტანისათვის.
ელგუჯა ლატარიას მეუღლე, უმაღლესი კვალიფიკაციური კატეგორიის ექიმი დერმატოლოგი, მიკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დერმატოლოგიის განყოფილების გამგე მაია გულორდავაც ზუგდიდელია,- ცნობილი ზუგდიდელების: ექიმი პედიატრის ეთერ შელიას და ფინანსისტი ჯანი გულორდავას ქალიშვილი.
ელგუჯას და მაიას ორი ვაჟიშვილი ჰყავთ. შვილები არ გაყვნენ მშობლების პროფესიას, მაგრამ-ირაკლი „გაზპრომნეფტის“ ლოჯისტიკის სამსახურის წამყვანი და წარმატებული სპეციალისტია, ხოლო ბაბუის მოსახელე ლავრენტი, პლასტმასის ქიმიური დამუშავების ტექნოლოგიას ეუფლება და ამჟამად, ამ დარგის მაგისტრია. ისინი, სწორედ ისე აგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას, როგორც ეს ლატარიების ოჯახს ეკადრება.
ასეულობით მადლიერი პაციენტი, სწორად დასმული დიაგნოზი და გადარჩენილი სიცოცხლეა ელგუჯა ლატარიას სახელზე. მიუხედავად მანძილის სიშორისა, ზუგდიდელებს, პაციენტებს, თუ კოლეგებს, მისი პროფესიონალიზმი ყოველთვის ეიმედებოდათ და ეიმედებათ. ასე იქნება მომავალშიც, რადგან ექიმი ლატარია მუდამ ერთგული იყო, არის და იქნება სამედიცინო ფიცის, მშობლიური ქვეყნისა და ქალაქის.
„ზუგდიდელები“ თავადაც ულოცავს სანკტ პეტერბურგში მცხოვრებ ზუგდიდურ ოჯახს 2022 წლის მობრძანებას და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში.
„ზუგდიდელები“