ეტი მესხია, გაზაფხულზე, სტრასბურგს მიესალმება


ზუგდიდმა, პირველად უმასპინძლა ევროპარლამენტის მოდელირებულ სხდომას, რომელშიც რეგიონის მასშტაბით, 90-მდე ნიჭიერმა და წარმატებულმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, გამართულ კონკურსში, პირველი ადგილი დაიკავა ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ეტი მესხიამ, რომელიც 100%-იანი დაფინანსებით მიიღებს მონაწილეობას ევროპული აკადემიური ცენტრის საერთაშორისო პროგრამაში და გაზაფხულზე გაემგზავრება სტრასბურგში.

ეტი, ასაკის მიუხედავად, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტში.

“-მაქსიმალურად ვცდილობ აქტიური მოქალაქის როლი მოვირგო, ვარ სხვადასხვა ორგანიზაციაში ჩართული, თუმცა გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს. ვარ “პიტას” წევრი, ამერიკული კუთხის წევრი და მოხალისე. მასწავლებლის როლს ვირგებ “ამერიკულ კუთხეში”, აქტიურად ვერთვები ქალაქში წარმოებულ პროექტებში, გამოვყოფდი ზუგდიდის მერიის ინიციატივებს, რაც ძალიან მეხმარება განვითარებაში. ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის წევრი. ვმონაწილეობ ინტელექტუალურ თამაშში: “რა? სად? როდის”, ვარ სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრი, ვმონაწილეობ  სკოლის თვითმმართველობაში. ვარ კონკურსი “ზღვაურის” ფინალისტი”.

-რაც შეეხება შენს ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს “ევროპარლამენტის მოდელირება-2019″…  გამარჯვებული გახდი… გილოცავთ…

-გმადლობთ. ჩემთვის საუკეთესო პროექტი იყო და ამას ხმამაღლა ვამბობ. პროექტი, სადაც ყველანაირი გარემოა იმისთვის, რომ თავი წარმატებულად იგრძნო. სიმართლე გითხრათ, თავიდან, საოცრად მაშინებდა ეს პროექტი, რადგან ევროპარლამენტის სტრუქტურებზე და მუშაობის პრინციპებზე არაფერი ვიცოდი. მე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ვიყავი, ოფიციალური ბელგიის წარმომადგენელი. გამარჯვება ჩემი მიზანი არ ყოფილა, მინდოდა, უფრო გახსნილი ვყოფილიყავი საზოგადოებასთან და გავწაფულიყავი საკუთარი აზრის, სიმყარის შენარჩუნებაში. აღვნიშნავ, რომ შიდა კომიტეტის საუკეთესო დელეგატის ტიტული ჩემთვის უდიდესი წარმატება იყო, მაგრამ პროექტის პირველობა, კიდევ უფრო ამაღელვებელი. მივემგზავრები სტრასბურგში და ძალიან ვღელავ. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ორგანიზატორი ანანო ჯიბლაძე. მის გარეშე მე ვერ ვიქნებოდი პროექტის გამარჯვებული. ანანო თავდაუზოგავად შრომობდა და მეხმარებოდა, რომ შესაბამისად წარგვედგინა რეზოლუცია. უბედნიერესი ვარ და აუცილებლად ვითანამშრომლებ “ევროპის აკადემიურ ცენტრთან”.

-როგორც ვიცი, გამარჯვებული დელეგატები, მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტში, სტრასბურგში, ბრიუსელში გამართულ ღონისძიებებში, სადაც თქვენ შეგიძლიათ, სიტყვით მიმართოთ თქვენს თანატოლებს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან…

-ინფორმაციას დეტალებზე არ ვფლობ, მაგრამ როგორც მითხრეს, ოფიციალურ სხდომას დავესწრები, თუმცა დაზუსტებით არაფერი ვიცი.

-სხვადასხვა პროექტში მონაწილეობამ რა მოგცა?

-პირველ რიგში, გამბედაობა, საუბრის და აზრის გამოხატვის საოცარი უნარი. უამრავი ახალი ამბავი და ახალი იდეა.

-მომავალი პროფესია უკვე აირჩიე?

-დიახ. თარჯიმნობა მინდა. ენები ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. რამდენიმე აღმოსავლურ ენასაც ვფლობ. ვფიქრობ, ამ კუთხით წავიყვან მომავალს, მაგრამ სიმართლესაც ვიტყვი, “ევროპარლამენტის მოდელირება-2019” ჩემთვის იმის დასტური იყო, რომ სხვა კუთხითაც შემიძლია წარვმართო ცხოვრება. თუმცა, მაინც ენებს დავჯერდები, მინდა ის ვაკეთო, რაც მიყვარს.

-რამდენ ენას ფლობ?

-ინგლისურს და კორეულს თავისუფლად ვფლობ. ვსწავლობ იაპონურს. გატაცებული ვიყავი სხვა ენებითაც, ვსწავლობდი ჰავაიურს, თურქულს და ფრანგულს.

-შენი, როგორც მოსწავლის აზრი მაინტერესებს, საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით…

-ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ქართულ განათლების სისტემაში, ვინაიდან, მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლე ფლობს გარკვეულ ზოგად განათლებას სკოლის საგნებში, მაგრამ არის გარკვეული რაღაცეები, რაც მოსწავლეს უკეთ გამოსდის, ვიდრე რამე სხვა. მაგალითად, მე ინგლისურს ვფლობ, მინდა ჩემი ის დრო, რაც სხვა საგნებს მოვახმარე, ინგლისურს მოვარგო. როდესაც მოსწავლეს საშუალება აქვს სრულიად კონცენტრირდეს თავის ნიჭზე და მოწოდებაზე, ეს პროფესიონალიზმის განვითარებას უწყობს ხელს, თან დაგირთავთ ალბერტ აინშტაინის სიტყვებს: “ყველა გენიოსია, მაგრამ თუ თევზს განსჯი მისი ხეზე ასვლის შესაძლებლობებით, ის იფიქრებს, რომ გამოუსადეგარი სულელია.” ამიტომ, ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ თევზებს ხეზე ასვლის ნაცვლად, ოკეანეში გაცურვის საშუალება მიეცეთ.

-მითხრეს, ლექსებსაც წერსო…

-ადრე, ლექსებს ვწერდი, კრებულიც გამოვიდა, თუმცა მას შემდეგ ლექსები არ დამიწერია. ახლა პროზაზე ვმუშაობ და საკმაოდ ვრცელი მოთხრობები მაქვს.

-როგორც ვიცი, ოჯახი მუდამ გვერდში გიდგას…

-დიახ. მყავს დედა-ანა ჯიქია, მამა-გელა მესხია, ძმა-გიორგი. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არაფერს იშურებენ ჩემთვის. ოჯახი ძალიან მიდგას გვერდში. გამხნევება და ემოციური მხარდაჭერა, მუდამ მაქვს მათგან და ეს უდიდესი სტიმულია მეტი გავაკეთო.

-შენს თანატოლებს რამეს ხომ არ ურჩევ?

-მუდამ დინების საწინააღმდეგოდ იმოძრაონ, რადგან “დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან”.

-როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-სანამ სკოლის მოსწავლე ვარ, ვაპირებ იგივე რეჟიმში გავაგრძელო და მაქსიმალურად ჩავერთო ყველა ღონისძიებაში.

საუბარი ჩაიწერა ე. ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!