ეს იყო 28 წლის წინ


  • ზუსტად, 28 წლის უკან, 22 დეკემბერს, საქართველში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელმაც ქვეყანას დიდი ტკივილი მოუტანა. ამ მოვლენას თავის ფეისბუქგვერდზე ეხმიანება ზუგდიდელი მაია კალანდია.

“სოფლიდან დავბრუნდი თუ არა, ტელევიზორი ჩავრთე, დეპუტატი ალეკო ქობულაშვილი ყვიროდა ტვ-ეთერიდან. ,,აი, თქვენი დემოკრატია ინტელიგეციავ” , მიმართვა პარლამენტის შენობიდან (მაშინდელი უზენაესი საბჭო) ხორციელდებოდა და მომეჩვენა, რომ ტელევიზორიც ზანზარებდა. დავყარე ყველაფერი და ქალაქის ცენტრისკენ გავიქეცი. მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოლიმპიური სიმშვიდით იდგენენ დღევანდელი გუბერნიის შენობის წინ. ჩემი შეგრძნება რომ კმაყოფილი სახეები ჰქონდათ, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ნათელყო.
ჩემს მეუღლესთან გავიქეცი, გარეუბნის სპორტის სასახლეში შეჯიბრება ტარდებოდა. წამყვანს ხელში ვეცი, მიკროფონი წავართვი და იქ დამსწრე საზოგადოებას ვაუწყე, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და კანონიერ ხელისუფლებას ესროლეს, რომ ეს ომის დაწყებასა და სამხედრო გადატრიალებას ნიშნავდა.
ერთი ადამიანის რეპლიკა და განწყობა მახსოვს კარგად და მწარედ. ცოცხალი აღარაა დღეს!

რამდენიმე ადამიანი ამყვა სპორტსმენებიდან, კახა ხუნწარია, კობა ხმელიძე, ჩემი მეუღლე თავისთავად.

ქალაქში გავრცელდა ასეთი ხმა, ხელისუფლებას მხარდამჭერები სჭირდება და ზუგდიდის სტადიონიდან ვერტმფრენი გაფრინდებაო, საღამოს 5 საათისთვის ვერტმფრენი აფრინდა და ჩემს დედამთილს დავუტოვეთ 8 წლის თიკო და 6 წლის ჭაბუა, მერე გავაცნობიერე, რომ წავედით ომში!
რაოდენობა არ მახსოვს, მაგრამ ვერტმფრენი სავსე იყო.
თბილისის აეროპორტში ავტობუსი დაგვხვდა, რომელსაც პარლამენტის შენობაში უნდა წავეყვანეთ. გაგვაჩერეს სამი საათი ალბათ. ისეთი არეულობა იყო, ვერაფერს ვერ გაიგებდი, რა ხდებოდა. ყველა სხვადასხვას ყვებოდა. ცუდს რა თქმა უნდა. ასახელებდნენ იმ თანამდებობის პირთა ვინაობებს, რომლებიც უკანონო შეიარაღაბული ფორმირებების მხარეს გადავიდნენ.
ავტობუსმა (ყოფილი ჩიტაძის) იმ გადაკვეთამდე მიგვიყვანა, სადაც სამთავრობო დაცვა ჯერ კიდევ უზენაესი შენობის უკანა ფასადს აკონტროლებდა. რუსთაველიდან სროლები ისმოდა. უამრავი ადამიანი რიგში იდგა პარლამენტის შენობაში შესასვლელად, თუნდაც შიშველი ხელებით დაეცვა ხელისუფლება. შესვლის დროს საშინელი სროლა ატყდა, რომელმაც დააჩქარა ჩემი და ჩემი მეგობრების შენობაში
შესვლის პროცესი. დაღამდა და სროლა გაძლიერდა.
ეგრეთწოდებულ ბუნკერში, (უზენაესი საბჭოს სასადილო ოთახი), ვერ ეტეოდა ხალხი და გვირჩიეს სართულებზე გადავნაწილებულიყავით. წინა ფასადის მარცხენა ფლიგელში გადაგვიყავნეს, ჩვენთან ერთად იყვნენ გაგრისა და სოხუმის მილიციელები.
დილის ხუთი საათისკენ, ქაშუეთის ეზოდან ზარბაზნებმა დაიწყეს სროლა და გაუჩერებლად სკდებოდა ჭურვები, გამაყრუებლად გუგუნებდა შენობა, სკდებოდა კედლები, ძირს ვეყარეთ და მტვერი გვეყარა თავზე. ერთმა ჭურვმა მეოთხე სართულის მარჯვენა ფლიგელის კუთხე მოარღვია. (სვათა შორის ის ფლიგელი დიდხანს იყო იგივე მდგომარეობაში). იმ ოთახის ფანჯრებიდან, სადაც ჩვენ იატაკზე ვიწექით, კარგად ჩანდა ქაშუეთის ეკლესიის ეზო და იქ დაბანაკებული ბანდიტები.

დილისკენ მხატვრის სახლი დაიწვა, ჩემს თვალწინ.

უძლური ვარ გადმოვცე ის საშინელი განცდა და ემოცია, რომელსაც დღემდე ვატარებ, გულით და თვალით.
კადრი, რომელიც ყველაზე მკაფიოდ მახსოვს -გახევებული ბატონი გოგი ოჩიაური, რომელიც ბოლთას სცემდა. რამდენიმე დღე წყალიც არ დაულევია.
სიკვდილები, ღალატი, სისხლის და ჭუჭყის სუნი.

დღეს, 28 წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, მამის თავგანწირული ცხოვრების გამო, ბავშვობა და ახალგაზრდობა წართმეული, სიცოცხლისთვის იბრძვის. ისევ მოსყიდული და უგუნური ქართველებისგან განწირული.

28 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!