- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 87 ფაქტი გამოვლინდა.
სატყეო სამსახურის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 18 კანონდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე.
“სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.
მიმდინარე წლის ოქტომბერის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 64 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 52 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 12 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 911 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1429 კუბური მეტრი შეადგინა.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.