- საქართველოს ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების გამოშვებას “საქართველოს მეფეების” სერიიდან და ამჯერად, 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტებს მეფე ვახტანგ გორგასალს უძღვნის. ამ მონეტების გამოშვება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა, მათი დამზადებისა და, შესაბამისად, გამოშვების პროცესი ობიექტური მიზეზების გამო, ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში გარკვეულწილად გაჭიანურდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან იწყებს მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე 5 ლარის ნომინალის მონეტების ეტაპობრივად გაყიდვას. ოქროს მონეტის ფასი 1 380 ლარია და მათი შეძენა საქართველოს ეროვნულ ბანკში შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:
2022 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე), მათი დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით.
2023 წლის 3 იანვრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: www.moneymuseum.nbg.gov.ge
2023 წლის 16 იანვრიდან დაიწყება ოქროს მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ – მაღაზიის საშუალებით – ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.
ვახტანგ გორგასლის ვერცხლის საკოლექციო მონეტების გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღი და მასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.