ხანდაზმულთა ცენტრი-ერთი დიდი ოჯახი


  • მდებარეობს თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც მარტოხელა სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები ატარებენ კვირის ხუთ დღეს. შვიდი თვეა, ყოველდღე, ათი  საათიდან  ექვს საათამდე აქ იკრიბება 17-მდე  ხანდაზმული და ერთმანეთის ლხინსა და ჭირს იზიარებს. იმდენად შეეჩვივნენ ერთმანეთს, რომელიმე რომ ვერ მოვა, ან არ მოვა ცენტრში, ყველა ერთად იწყენს, ვერმოსულის მდგომარეობაზე საუბრობს და ფიქრობს როგორ დაეხმაროს მას. ერთმანეთის ცხოვრების დეტალები იციან, ვის გაუმართლა და ვის არა, ვის ვინ ატკინა გული და ვინ ვინ გაახარა.

პროექტი – “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და  მას ახორციელებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-საქართველო, რომელმაც ფინანსური მხარდაჭერა გაუწია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ “თანაზიარს”  პროექტის “უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა” განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ხანდაზმულთა დღის ცენტრი. ამ პროექტს მხარი დაუჭირა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გამოყო ფართი აღნიშნული პროექტისთვის, განახორციელა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და პროექტის დასრულების შემდეგ მოახდენს მის ფინანსურ მხარდაჭერას, ამ საქმეში განსაკუთრებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ბატონი გოგი რევიას როლი და დამსახურება.

ცენტრში საკუთარი ფსიქოლოგი ჰყავთ. ნანა ქირია 17 ხანდაზმულის მესაიდუმლეა. ტესტებით, განწყობის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოებით უადვილებს მათ ერთად ყოფნას და ზოგადად ცხოვრებას.

ხელსაქმეს და კრეატიულ ხედვას ეკა კაკულია ხელმძღვანელობს. ხანდაზმულებს მშვენიერი ნაკეთობები გამოსდით. რამდენჯერმე გამოფენა-გაყიდვაც მოაწყვეს.

კრეტიული ხელოვნების ხელმძღვანელი ამბობს, რომ წინასაახალწლო ვაჭრობით ბენეფიციარები კმაყოფილი არიან განსაკუთრებით ელგუჯა კვარაცხელიას მიერ შექმნილმა ესკიზმა– სახლმა და ეზო-კარმა მიიქცია ყურადღება. შემდეგ კი იგივე შეკვეთა რამდენჯერმე შეასრულეს სასწრაფოდ.

სახლ–კარის შექმნის პროცესი საინტერესო იყო. მთელი ცენტრი მონაწილეობდა. დეტალები გაინაწილეს. თან ხუმრობენ, მღერიან მუშაობის პროცესში. აქ კიდევ თუ მოხვდით და აკორდეონის, ან ჩონგურის ხმა გაიგეთ, არ გაგიკვირდეთ. უყვართ სიმღერა, პაროდიები, ანეგდოტებს ჰყვებიან.

ლელა ჯანაშია, ექთანი: „ერთმანეთის ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. იციან, ვინ რომელ მედიკამენტს ხმარობს. ცენტრში, თან მოაქვთ თავიანთი  ყოველდღიური წამლები, მაგრამ აქაც გვაქვს აუცილებელი მედიკამენტები“.

ხანდაზმულები შუადღეზე ერთად სადილობენ, სადილობენ კი არა, თავადვე  იმზადებენ სადილს, ასე ურჩევნიათ, ერთმანეთს ეხმარებიან და სადილის მომზადების პროცესითაც ხალისობენ. თანაც ამ საქმეში, მამაკაცებიც სიამოვნებით მონაწილეობენ.

ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერი ნანა შონია: „ხანდაზმულების მენიუ ყოველთვის მათთანაა შეთანხმებული. ძირითადად, იმ კერძებს ამზადებენ, რომელიც უყვართ. აქ მამაკაცებიც იღებენ სადილის მომზადებაში მონაწილეობას. მზად არიან, სხვა სამეურნეო, „კაცური საქმეებიც” აკეთონ.

ჯულიეტა ტუფურია ხანდაზმულთა ცენტრის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. მას მთელი ზუგდიდი იცნობს. მომღერალ ქალთა ანსამბლის „მაფშალია“ წევრია. ჩვენც ფანდურზე სიმღერით გვიმასპინძლა. ცენტრში ყველა მღერის. მათი შესრულებული მეგრული სიმღერები სასიამოვნო მოსასმენია. ახლაც მღერიან და სულს და გულს აქსოვენ. მერე გვთხოვენ დავაფიქსიროთ წერილში მთავარი, რომ პროექტის ავტორის განმახორციელებელი ორგანიზაცია „თანაზიარის“ თანამშრომლები ძალიან კარგები და თბილები არიან.

“ერთად ყოფნა სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს და გვიხალისებს. გვიყვარს ერთმანეთი და ის ადამიანები ვინც ჩვენთვის ზრუნავს. აქ ყოფნა სიამოვნებას გვანიჭებს. ერთი დიდი ოჯახივით ვართ.”–ამბობს ჯულიეტა.

კლარა ფიფია, 70 წლის, ყოფილი პედაგოგი: “ჩემს ცხოვრებაში სერიოზული ტრაგედია მოხდა. ვაჟიშვილი გარდამეცვალა, ყველაფერი დავკარგე და დავრჩი ქუჩაში. ბოლოს მოვხვდი სოციალურ საცხოვრისში. იქიდან კი ამ ცენტრში. აქ რომ მოვდივარ, ისე თბილად მექცევიან, ჩემი გასაჭირი მიმსუბუქდება. ყველანი კარგები და თბილები არიან. ჩვენს განწყობაზე ზრუნავენ. ოთხივე თანამშრომელი ერთმანეთზე უკეთესია. გვერდში მდგომები და ჩვენი ტკივილის გამზიარებლები არიან”.

ელგუჯა კვარაცხელია, ბენეფიციარი: „მთელი ცხოვრება ორშაბათი არ მიყვარდა, რადგან ყოველთვის ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, მაგრამ რაც ამ ცენტრში მოვედი, დიდი სიხარულით ველოდები ორშაბათს, რადგან აქ მოვდივარ და ჩემს ახალგაცნობილ მეგობრებს ვხვდები. ჩვენ აქ ერთმანეთის ამბავი ვიცით, ვუგებთ და თანავუგრძნობთ ერთმანეთს. ვერთობით, ექსკურსიებს ვგეგმავთ. გთხოვთ, ყველგან დაწეროთ, ყველას უთხრათ, რომ ეს პროექტი არ დაიხუროს, გაგრძელდეს. ეს არის საჭირო ცენტრი.”

ნანა შონია გვეუბნება, რომ პროექტი თებერვალში მთავრდება, თუმცა იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტი აუცილებლად უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას.

ჯერ კიდევ საახალწლო განწყობა სუფევს ცენტრში. კედლებზე ჯერაც საახალწლო აქსესუარები ბრწყინავს. კლარა ფიფია გვაბარებს, ზუგდიდის მუნუციპალიტეტის მერიას მათთვის ინტერნეტი ვთხოვოთ, ელგუჯა კვარაცხელია გვთხოვს, იქნებ მისი ლექსების ბროშურად გამოცემაში დაეხმაროს ვინმე.

ჩვენც, “ზუგდიდელებს” და ახალგაზრდა ჟურნალისტებს, შოთა მესხიას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის “ონლაინ და ბეჭდვითი მედიის რეპორტიორი” სტუდენტებს, გვაქვს ჩვენი თხოვნა მუნიციპალიტეტის მერიასთან-ხანდაზმულებს უფრო დიდი ფართი გამოუყონ, უფრო დიდი სივრცე, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. სასურველია, სამზარეულო და სასადილო ცალ-ცალკე იყოს, ცალკე იყოს შეხვედრის და გართობის ოთახი, კრეატიული ოთახი, ექთანის ოთახი. ხანდაზმულთა ცენტრში ყოფნის ჩვენი რამდენიმესაათიანი სტუმრობა საერთო ფოტოს გადაღებით სრულდება. მოვდივართ და ყველა გვაცილებს ისევ შეხვედრის სურვილით.

ნ.მიქავა

ე.ფარულავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!