საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ენგურჰესის თაღოვანი კაშხალის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია წარმოადგინეს ესტონეთის კულტურის სამინისტროს მიერ რეკომენდებულმა წამყვანმა ექსპერტებმა: ოტტ სარაპუუმ და ანდრუს კორესარმა.
პრეზენტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სამეგერელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია დაესწრნენ.
აღნიშნული სტრატეგიული გეგმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ენერგეტიკის სამინისტროსთან და შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოსთან, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა.
წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხალის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე; განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხალის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება სვანეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ტრასაა. ამ მიზნით შემუშავდება ტურისტული მარშრუტები ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე.
სტრატეგიული გეგმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენგურჰესის თაღოვანი კაშხალის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტი ათწლიანია და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა, რაც ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების, მისი მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გადაგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.