- “ზუგდიდელების” სტუმარია ელიზბარ ხვიჩია. ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ხელმძღვანელობდა პოლიტიკური მოძრაობა “გახარია-საქართველოსთვის” ზუგდიდის ახალგაზრდულ მიმართულებას. ელიზბარი “ზუგდიდელებთან” საუბრობს ჩატარებულ არჩევნებზე და იმ პროცესებზე, რომელიც დღეს, საქართველოში მიმდინარეობს.
ელიზბარ ხვიჩია: „განათლების სასკოლო საფეხური ზუგდიდში დავასრულე (მესამე საჯარო სკოლაში). მქონდა ბედნიერება სწავლის ბოლო წელი ამერიკაში გამეტარებინა-“მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში”. შემდგომ იყო ჩემი საუნივერსიტეტო აკადემიური გამოცდილების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კერძოდ კი, პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე. კურსი იყო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩემი მომავალი მიზნებისა და პერსპექტივების განჭვრეტა/განსაზღვრაში. ხსენებული საბაკალავრო სწავლების დროსაც, მქონდა ბედნიერება, გაცვლითი სემესტრებით, მესწავლა ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში და პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში.
სწავლის საბაკალავრო საფეხური 2019 წელს დავასრულე და მას შემდეგ, ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საქმიანობაში ვარ ჩართული.
ბოლო თვეების განმავლობაში, ვხელმძღვანელობდი, პოლიტიკური მოძრაობა “გახარია-საქართველოსთვის” ზუგდიდის ახალგაზრდულ მიმართულებას. პარალელურად ვაგრძელებდი პოლიტიკურ-ანალიტიკური სტატიებისა და კვლევების წერა-შემუშავებას“.
-რატომ პარტია “გახარია საქართველოსთვის”?
-სწორედ ამ პარტიამ, მისი რეგიონული წარმომადგენლობითა და მიდგომით, შექმნა და ხელშესახები გახადა ახალგაზრდების ჩართულობა თვისობრივ-ფუნდამენტურ დონეზე. მხოლოდ ფასადურად და დოგმატურად არ უყურებდა ახალგაზრდების შერჩევისა და ნომინირების პროცესს. ამასთანვე, პარტიის სტრუქტურა არ იყო ცალსახად დირექტიული და იერარქიული. მაშასასადამე, ჩემი, როგორც პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდის ხმა, ამ პლატფორმაზე, მკაფიოდ ისმოდა და ითვალისწინებდნენ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების ყველა პროცესში. პარტიამ მოახერხა ახალგაზრდული ჩართულობის ხელშესახები უზრუნველყოფა და ეს მკაფიოდ გამოვლინდა იმაში, რომ პროპორციული სიის პირველ ათეულში ოთხი ადამიანი ვიყავით, ასაკით 24-25 (ცხადია რელევანტური პროფესიონალური გამოცდილებებით).
-როგორ აფასებთ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს?
-ადგილობრივ არჩევნებზე უპრეცედენტოდ მასიური იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რამაც სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი ორგანოების პარტიულ საქმიანობაში სრული ჩართვა გამოიწვია. ამის მასშტაბი კი იყო ძალიან სახიფათო და საშიში ხასიათის მატარებელი. ამასთანავე, საგანგაშო იყო ოპონენტებზე, განხორციელებული მრავალი დანაშაულის შემცველი ფაქტი. ამ შემთხვევაში კი, “გახარია საქართველოსთვის” პარტიის წევრებსა, თუ მათი ოჯახის წევრებზე. ჩამოთვლილი ეს ფაქტორები, ცხადია, არჩევნების ცნებას და ფუნქციონალს აყენებს იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ და ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ, კონკურენტულ და გამჭირვალე გარემოში დაფიქსირების შესაძლებლობას. არჩევნების კამპანიის ფაზა იყო საგრძნობლად საგანგაშო. არჩევნების დღეც შეიცავდა ძალადობრივ და შეუსაბამო ელემენტებს, ხოლო არჩევნების დღის შემდგომ, ყრუ კედელს წარმოადგენდა, როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობა.
–ამჟამად საქართველოში მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?
-ვფიქრობ, პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ნიშნული უკიდურეს დონეზეა ასული, უფრო სწორად კი, აწეული, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური აქტორების მხრიდან. ამ მოცემულობას სათავისოდ იყენებს მმართველი ძალაც და მთავარი ოპოზიციური ერთობაც. მაშასადამე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვითარების დეესკალაცია და ნამდვილ პოლიტიკაზე, ნამდვილ საკითხებზე საუბარი და პედალირება, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. იმის მიუხედავად, რომ ჩემს მიერ ხსენებულ ვიწრო-პარტიულ ბანაკებს გააჩნიათ რესურსები, საკუთრივ ქვეყანას არ აქვს ამდენი “რყევის ფუფუნება”, თან იმის ფონზე, რომ რეგიონში სიტუაცია დაძაბულობას ინარჩუნებს და ამავდროულად, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება კოვიდ პანდემია და მისი ცალსახად უარყოფითი ეკონომიკური და სოციალური ეფექტები.
-რამდენიმე პროექტის მონაწილე ხარ…
-დიახ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. მშვიდობის მშენებელთა ასოციაციის წევრი გახლავართ, რომელიც ყოველწლიურად მართავს ფორუმს კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოების წევრებთან. გავხდი ჯორჯ მარშალის ფონდის მიერ ორგანზიებული “ლიდერთა ლაბორატორიის” წევრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს აერთიანებს.
-რამდენიმე ქვეყანაშიც ხარ ნამყოფი…
-სწავლის მოტივით ვიმყოფებოდი აშშ-ში, ჩეხეთში-მასარიკის უნივერსიტეეტში, ასევე ჩეხეთში-კარლოვის უნივერსიტეტში, პორტუგალიაში-პორტოს უნივერსიტეტში. სასწავლო ვიზიტით- შვედეთში და დიდ ბრიტანეთში, ასევე კონკურსით უკრაინასა და ესპანეთში. ვიმყოფებოდი ბუდაპეშტშიც.
-საინტერესოა, რომელი ქვეყნის, რომელი ქალაქის მოწყობის მაგალითი გამოადგება ჩვენს ქალაქს?
– ხსენებული ყველა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება შეგვიძლია ზუგდიდელებს. უბრალოდ, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პოლიტიკაზე (ფოლისიზე). მარტივად კოპირებით ეს არ მიიღწევა, ჯერ მგონია, რომ გვჭირდება საჭიროების ანალიზი, რათა ზუსტად და სკულპულოზურად გავიაზროთ, რომელი ქვეყნისა თუ კონკრეტული ქალაქის საუკეთესო პრაქტიკის იმპლემენტაციას ვსაჭიროებთ. მაინც საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობა, მწვანე ეკონომიკისა და ეკოლოგიური საკითხების წინ წამოწევა და ადგილობრივი მუნიციპალური სერვისების განხორციელების მიზნით უფლებამოსილების გაზრდაა საჭირო.
-შენს ჰობზე და თავისუფალ დროზე რას იტყვი…
-სპორტი მიყვარს ძალიან. კალათბურთი, ფეხბურთი და გაგიკვირდებათ და ბეიზბოლიც.
-რამდენიმე ენაზე საუბრობ…
-ვიცი ინგლისური, რუსული და პორტუგალიური.
-რა არის შენი დღევანდელი გზავნილი ახალგაზრდებისთვის.
-დაიჯერონ, რომ სუფთა ხელებით, გულანთებულად და პროფესიონალიზმით “პოლიტიკის კეთება” შესაძლებელია.
-შენი სამომავლო გეგმები…
-გავხდება პატიოსანი საჯარო მოხელე და პოლიტიკურად აქტიური წევრი, საზოგადოებრივ საქმეზე ორიენტირებული და თანამედროვე, მოდერნული სახე.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ.