ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ზუგდიდის “სკეიტპარკში” ევროპის დღე 2018 სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს. სკეიტპარკში, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ევროკავშირის ელჩის ატაშემ მიკოლაი ბეკასიაკმა.
სკეიტპარკი ერთი დღით “ევროსოფლად” გადაიქცა და თითოეულ სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდნენ ევროკავშირის ისტორიას. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. პატარებისთვის გაიმართა სხვადასხვა სახის წარმოდგენა. მათ მხიარულ განწყობაზე ზრუნავდნენ მიკიმაუსები. გაიმართა შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთები შეეძინათ.
ღონისძიებაზე მოსულმა ქალაქის მერმა, ლაშა გოგიამ, ჟურნალისტებთან ისაუბრა ევროკავშირის მნიშვნელობაზე საქართველოში. მისი თქმით, ევროპა ნიშნავს სტაბილურობას, ქვეყნის გაძლიერებას, ეკონომიკურ სიძლიერეს, სოციალური ფონის გაძლიერებას და ჩვენს მომავალს. „საქართველოს საუკუნეების მანძილზე, ევროპის ქვეყნებთან ყოველთვის ჰქონდა ურთიერთობა. ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპის ერთ-ერთი ლამაზი ქვეყანა“.
ევროკავშირის ელჩის ატაშის მიკოლაი ბეკასიაკის განმარტებით, ევროკავშირი არის 28 ქვეყნის განსხვავებული ერთობა. “28 ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი კულტურა, ტრადიციები, ისტორია. ამ ქვეყნებმა მოახერხეს, რომ შეერთებულიყვნენ და მშვიდობა დაესადგურებინათ ევროპაში. საქართველომ და ევროპამ გააღრმავა ურთიერთკავშირები, სწორედ ამიტომაც ვზეიმობთ ევროპის დღეს აქ. სწორედ ამ მშვიდობას და თანამშრომლობას აღვნიშნავთ ერთად. სწორედ, ამის გამო ქართველებს გაეხსნათ ევროპული ბაზარი. ქართველ მოსახლეობას შეუძლია იმოგზაუროს ევროპაში ვიზის გარეშე და თავიანთი პროდუქტები გაიტანონ.“
ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება, 9 მაისის „შუმანის დეკლარაციის“ იუბილესთან დაკავშირებით. წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.