- ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში.
რეზოლუციაში, ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება.
ისინი მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ასევე შეამცირებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში.
„ევროპული რეფორმების მიმართულებით ქვეყნის პროგრესი პოლიტიკის ცენტრში უნდა დაბრუნდეს”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.
ევროპარლამენტარები ასევე მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ისეთი პატიმრების მიმართ მოპყრობა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, არის ევროპული ღირებულებებისა და მისი დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების ლაკმუსის ტესტი.
ევროპარლამენტარები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გაუწიონ მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება დაპატივი სცენ მის ძირითად უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, ქვეყნის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.