- ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება.
ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკვე აკრძალულია ან აკრძალვის პროცესშია. ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების გადაწყვეტილება ევროკავშირის პასუხია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე“, ასევე, „წარმოადგენს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შესახებ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგს“.