“ებგურის” შესახებ


  • შეიძლება რომელიმე ლიტერატურული ღონისძიება თუ აქტივობა დააარსო და მის გარშემო ხმაურიც ატეხო, მაგრამ ეს ხმაური მალე ჩაცხრეს, თუ არანაირი მხატვრული ღირებულება არ მოჰყვება ამ საქმიანობას.

თუ ვიტყვით, რომ გარკვეულწილად რეზონანსული მოვლენაა სალიტერატურო ჟურნალ “ებგურის” დაარსება, ამაში იგულისხმება ის, რომ შეიქმნა თანამედროვე სალიტერატურო სივრცე, თან იგი შეიქმნა რეგიონში (ქალაქ ზუგდიდში) და იმთავითვე გაემიჯნა სოციალისტურ რეალიზმს, საბჭოური პათოსით შეზავებულ ფერადოვნებას. ცხადი გახდა, რომ “ებგურმა” მიზანმიმართულად შექმნა ახალი შემოქმედებითი სივრცე, დაამკვიდრა სხვა ესთეტიკა. ამაზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ დღესაც იწერება და იბეჭდება კიდეც გადაკმაზულ-შემკულ-გადალამაზებული ენით შექმნილი პრიმიტიული ტექსტები, რომელთა ავტორებსაც არც უფიქრიათ XX ასწლეულის ქართული, თუ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებზე, არ დაინტერესებულან, რა სფეროები გახდა შემოქმედებისათვის უკვე ნაცნობი, მიღწეული და პირდაპირ XIX საუკუნის ტექსტებიდან აგრძელებენ თავიანთ “შემოქმედებას. “ებგური” ცდილობს, დროის მხარდამხარ იაროს და ისეთი ავტორები შემოიკრიბოს, რომელთათვისაც დამახასიათებელი იქნება ნიჭიერება და პროფესიონალიზმი; რომელთათვისაც უცხოა კოლექტიური (მარშისებური) ურაპატრიოტიზმი, ხელოვნური პათოსი, ლოზუნგური მოწოდებები, ტრიბუნაზე შემდგარი პროპაგანდისტის სულისკვეთება (ესე იგი, მოკლედ რომ ვთქვათ, საბჭოური ესთეტიკა); რომელთათვისაც ცხადზე უცხადესია, რომ ინტუიტივიზმის, ფსიქოანალიზისა და მთელი რიგი ფილოსოფიურ-ესთეტიკური მოძღვრებების შემდეგ სამყაროს აღქმა ხდება სხვანაირი.

მადლიერების განცდით უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს შეუმჩნეველი არ დარჩენია ამგვარი ქართული ჟურნალის არსებობა სამეგრელოს რეგიონში და ხელს უწყობს მისი შემოქმედებითი სახის გამოკვეთას. სწორედ ამ განზრახვით დააფინანსა სამინისტრომ “ებგური” და გახდა მისი კეთილმოსურნე დონორი. რომ არა ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დაფინანსება, ჟურნალი შეწყვეტდა არსებობას.

მე-8 წელია, რაც “ებგური” გამოიცემა რეგიონში, სადაც პერიოდული სალიტერატურო ჟურნალი არ არსებობდა. მაგრამ, – როგორც ჟურნალის რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ზეინაბ სარია ამბობს, – მუდამ არსებობდა ლიტერატურის სიყვარული, წყურვილი წონადი მხატვრული სიტყვისა. აბა, შემთხვევითი ხომ არ იყო, რომ ლევან მეორე დადიანმა მამუკა თავაქარაშვილს, იმერეთის მეფის კარის ყოფილ მდივანს, რომელიც ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, უბრძანა ჩვენი უპირველესი საუნჯის, “ვეფხისტყაოსნის”, გადაწერა და ილუსტრირება, რაც კალიგრაფმა აღასრულა 1646 წელს და მინიატურებითაც შეამკო. ეს ხელნაწერი უმნიშვნელოვანესია ამ პოემის ხელნაწერთა შორის. შემთხვევითი ამბავი ხომ არ იყო, რომ დადიანთა ოჯახის უმდიდრესი ბიბლიოთეკა სრულიად უსასყიდლოდ და დიდი მადლიერებით ჩაიბარა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ? შემთხვევითი ხომ არ იყო, რომ დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სტუმრები, ავსტრიელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე არტურ ზუტნერი, მთელი 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ზუგდიდში, ითვლებოდნენ დადიანთა სასურველ სტუმრებად, იონა მეუნარგიასთან ერთად ფრანგულად თარგმნიდნენ “ვეფხისტყაოსანს?!” რა საუბრები იქნებოდა, რა შთაბეჭდილებები, რა დაკვირვებები!..

საბჭოთა პერიოდში იბეჭდებოდა ალმანახები: “ენგური”, “ეგრისი”. და აი, 2017 წელს დღის სინათლე იხილა სალიტერატურო ჟურნალმა “ებგურმა”. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ საჟურნალო საქმიანობა დიდ ენთუზიაზმს, უანგარო შრომასა და უწყვეტ განვითარებას მოითხოვდა. დღეისათვის უკვე 25-ე ნომერი გამოიცემა (ყველა ნომერი დაცულია თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში) და რაც გაკეთდა, ვფიქრობთ, კარგი საძირკველია მომავალი წარმატებებისათვის.”

ჟურნალთან არსებობს გრანელის პრემია. შემოქმედებითი ჯგუფი მადლიერებით იხსენებს ბატონ თეიმურაზ ჩალაბაშვილს, რომლის აქტიური მხარდაჭერითაც მწერალთა კავშირიდან წამოიღეს ეს პრემია და გააცოცხლეს ჟურნალ “ებგურთან.” პრემიის დაფუძნებაში, თავდაპირველად, ჯგუფს დაეხმარა კომპანია “ზეარისი,” შემდეგ მწერალთა სახლი უფინანსებდათ შემოქმედებს პრემიას. მწერალთა სახლის რეორგანიზაციასთან ერთად, „ებგურელებს“ გაუუჩინარდათ საპრემიო თანხა, მაგრამ “ებგურის” რედაქცია საკუთარი ძალისხმევით ცდილობს მის შენარჩუნებას.

მნიშვნელოვანია ყოველდღიური საარსებო რესურსი, მაგრამ შემოქმედი ადამიანისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მხატვრული ფასეულობის შექმნის პროცესი, საკუთარი ფარული მოცემულობების გამჟღავნების მომენტი. სწორედ ეს ხორციელდება “ებგურში.”

ლაურა ციკოლია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 28 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!