დღიური N4. ლიკა როგავა: „მე“


  •  დიახ, დღიური N4 ლიკა როგავასგან. წინა დღიურში, ლიკა შეგვპირდა, მომავალ დღიურში,  პირად შეგრძნებებს და ემოციებს გაგიზიარებთო.
  • შეგახსენებთ, ზუგდიდელი ლიკა როგავა, სვანეთში, მესტიაში, კარანტინში იმყოფება და სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”  სვანურ დღიურებს წერს. 

“17 აგვისტო, 2020 წელი,

– ხოჩა ლადეღ… -ასე იწყება ყველა დილა და მისალმება. ერთმანეთსაც ასე ვესალმებით შვიდივე და მერე გვეცინება ჩვენს სვანურზე. ჩვენი სვანურის მასწავლებელი ვალერია – ჩემი მეგობარი, დედით სვანია და ბავშვობა და დედულეთის სიყვარული აკავშირებს სვანეთთან. ჩვენ ამ შანსს ხელიდან არ/ვერ ვუშვებთ და ყოველ დღე თითო სიტყვით თუ წინადადებით ვამდიდრებთ ჩვენს ცოდნას. მარტივი ენა არაა, მაგრამ საინტერესოა და თან აქ იმდენი დრო გვაქვს, რთული ამბავიც მარტივდება.

გუშინდელ დღიურში დაგპირდით, რომ დღეს, შეგრძნებებზე მოგიყვებოდით, არც ეს ამბავია მარტივი, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები ყველა ემოცია და შეგრძნება გაგიზიაროთ. სულ თავიდან დავიწყებ და არაფერს გამოვტოვებ.

პირველ დღეს როდესაც სასტუმრო „ჩუბუში“ მოვედით, ცოტა არ იყოს დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. გაგვიმართლა, რომ აქ კეთილგანწყობით დაგვხვდნენ, მაგრამ მარტივი მაინც არ იყო იმის გაცნობიერება რომ მეოთხე სართულიდან 14 დღე ვერ ჩამოვიდოდით და მიწასთან სიახლოვეს ვერ შევიგრძნობდით. ოთახში გადანაწილების შემდეგ საფიქრალი დრო ბევრი იყო, ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა და როგორ შეიძლებოდა დროის გაყვანა. პირველი მოქმედება ტელეფონი დასატენად ჩავრთე და დავიწყე ნათიასთან განხილვა, თუ რა გვჭირდებოდა და რისი გამოგზავნა იყო შესაძლებელი. ესეც მოგვარდა…

 ისევ შეგრძნებებს და ემოციებს დავუბრუნდები… პირველი ორი დღე გამოფიტული და უსიცოცხლო მეგონა ჩემი თავი, არ მქონდა არანაირი შეგრძნება, ვერც გარემოს ვგრძნობდი და ვერც სიტუაციას. ხედი აივნიდან მეზობლის სახლის სახურავზე მთავრდებოდა. გრძნობები მესამე დღეს გაჩნდა, როდესაც ჯერ თეთნულდი დავინახე ფანჯრიდან და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბუნებას ძალა არ დაუშურებია ჩვენს ირგვლივ მთების მოსახატად. აქ ან მხატვარი უნდა იყო და ან მწერალი, რომ აღწერო და გადმოსცე ეს სილამაზე. მესამე დღეს დაიწყო რეალობა. მართალია, აქ 7 ადამიანი ვართ ერთად და ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვეზღუდება, მაინც გამძაფრებულია მონატრების გრძნობა. გენატრება ყველა და ყველაფერი, რაც აქ მოსვლამდე იყო და გინდა მალე დასრულდეს ეს დღეები. დღეს, კარანტინის მეშვიდე დღეს, შემიძლია ვთქვა რომ აქ მართლა ძალიან კარგია, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს ადამიანმა, მაგრამ განცდა იმისა, რომ გარეთ გასვლა ჩვენი ნების მიუხედავად შეუძლებელია, რთულია და ძნელად მისაღები. ყველა და ყველაფერი მენატრება, ვაანალიზებ ამ მონატრების შეგრძნებებს და ჩემს თავს პირობას ვაძლევ,  არასოდეს ვეწუწუნები ჩემს არცერთ მეგობარს, არცერთ ახლობელს რომლებიც შორს არიან, რატომ არ მწერენ, ან მკითხულობენ… მესამე დღეს გაჩნდა რეალობის შეგრძნება, ამასობაში, ამოგვიტანეს წიგნები და ლეპტოპები და რეალობამ სხვა სახე მიიღო. კიდევ ერთი გასართობი შემოვიდა ჩვენს რეალობაში კარტი „უნო“ რომლის მოთამაშეთა მაქსიმალლური რაოდენობა არის 7 და ჩვენც ამდენივე ვართ. ამ თამაშში ისაა საინტერესო, რომ აქვს წესები, მაგრამ სტრატეგიას მოთამაშე თითონ ირჩევს და სწორედ ამ სტრატეგიებზეა თამაშის სისხარტე და სილამაზე დამოკიდებული.

ხშირად ვახსენებ თანამედროვეობის მნიშვნელოვან ატრიბუტებს ტელეფონს, ინტერნეტს და ლეპტოპს, მაგრამ ეს ნივთები ნამდვილად აადვილებენ კარანტინში ყოფნას. ამ ტექნოლოგიების წყალობით, აქ ჩაკეტილებსაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია გარე სამყაროსთან და ვაღიარებ, რომ ნამდვილად საჭირო და საინტერესოა. მათი წყალობით მუსიკა, კინო და ვარჯიში აქტიურია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში.

ბევრი ვისაუბრე მონატრებაზე და მის გამძაფრებაზე, მაგრამ კიდევ უფრო რთულია აქ ემოციების კონტროლი. ხშირად მინდა უბრალოდ დავიყვირო, არა იმიტომ რომ ვინმეს ვერ ვეგუები, ან რამეს ვწუნობ, უბრალოდ, იმიტომ რომ ის ენერგია გავუშვა გარეთ, რომელიც უმოძრაობით გროვდება. ნამდვილად რთულია ჩაკეტილობაც და შეგუებაც, არც ამ დღიურის წერაა მარტივი, რადგანაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანს, პირად შეგრძნებებს შევეხე ორმაგად გამირთულდა. იმედია, ოდნავ მაინც აგიხსენით კარანტინში ჩაკეტილი ადამიანის მდგომარეობა.

ბოლოს…

ჩემი მეგობარი თეთნულდი… დღეს მთელი თავისი სილამაზით არის წარმოჩენილი, თითქოს ღრუბლებს ერთიანად შეუძახა გადით, დამეკარგეთ, სამყაროს ჩემი სილამაზე უნდა დავანახოო.

მენატრებით.

თქვენი მე.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!