- პროექტ „ზრდის“ (USAID) თემის მობილიზატორი, ზუგდიდელი ლიკა როგავა, სვანეთში, ულამაზესი ხედების ტყვედ აქცია სვანეთში გავრცელებულმა კორონავირუსმა და კარანტინმა,-დღეიდან 12 დღე, “ზუგდიდელები” ლიკას სვანურ დღიურებს შემოგთავაზებთ თეთნულდის ხედებით.
“დღეს 14 აგვისტოა, 2020 წელი, თითქოს არაფრით გამორჩეული დღეა და არც ისაა გასაკვირი, რომ დღიურს ვწერ, მაგრამ არის ერთი მაგრამ…
ეს დღიური კარანტინში იწერება და ამიტომაც არის გამორჩეული.
ყველაფერი მაისში დაიგეგმა, როდესაც ახალი კოვიდინფექციის გამო სახლში დარჩენილმა, ოჯახის წევრებს, შევთავაზე ზაფხულის რამდენიმე დღის დიდებულ სვანეთში გატარება.
დადგა დაგეგმილი 9 აგვისტო და ავუყევით ენგურის კალაპოტივით დაკლაკნილ გზას, რომელსაც დიდებულ სვანეთში ამოყავხარ.
სვანეთი…
ეს არის სიყვარული, ძალა და დიდი ემოცია, რომელიც ყოველ წამს მავსებს და მაბედნიერებს სილამაზით, სიცოცხლის სიყვარულით და სიძლიერით. ჩემთან ერთად ისეთი ახლობელი ადამიანები არიან რომ სრულყოფილ მიწიერ სამოთხეში ვარ და მხოლოდ ბედნიერების უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს.
მესტიაში 15 წუთიანი შესვენების შემდეგ ავუყევით უშგულის გზას და ძალიან ბევრჯერ ვკითხეთ ერთმანეთს როგორ, ან რატომ მოიფიქრა თავის დროზე წინარე სვანმა ამ სიმაღლეზე ამოსვლა და შემდეგ ამ საოცრების შექმნა… პასუხი რთულია, მაგრამ ვაძლევ ფანტაზიას ფრთების გაშლის უფლებას და ვფიქრობ, რომ ბუნების სიყვარულმა და სილამაზემ რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აქ, ამ დიად მთებშია, ამოიყვანა და დაასახლა იქ. იქ, სადაც შემდეგ ლამარიას ტაძარი ააგო, გზად სიყვარულის კოშკიც წამოჭიმა და სიყვარულს და ღვთისმშობელს უკვდავება აჩუქა. ტაძრის ეზოს ამაყად დაჰყურებს შხარა, რომელიც ჩვენი ასვლისას ღრუბელში იყო გახვეული, წამით გამოჩნდა და შემდეგ ისევ დიდებულ სამოსში გაეხვია. აღტაცებისგან დამუნჯებული დავემშვიდობეთ ამ სილამაზეს და მესტიაში დავბრუნდით. აქ ზეიმის მიზეზი ნამდვილად გვქონდა, ჩემი ყველაზე განსაკუთრებული ადამიანის დაბადების დღეა და არ შეიძლება აქ, ანგელოზებთან და ღმერთთან ასე ახლოს, განსაკუთრებულად არ დავლოცოთ და არ აღვნიშნოთ ეს დღე.
მეორე დღეს ახალ და უფრო საინტერესო გზას დავადექით, წინ ქორულდის ტბებია, გზა და ლანდშაფტი ისევ საოცარი, ისევ დამამუნჯებელი, ისევ გაუგონარი… საქართველოს ფორმის ეს ხელთუქმნელი ტბა ქვეყნის ბედზე მაფიქრებს და ვოცნებობ ამ ტბასავით მთლიანი და ერთიანი ვნახო ჩემი ქვეყანა ძალიან მალე. გოროზი მთების სილამაზე კი, კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ძალიან მინდა დავხატო ეს სილამაზე, ერთ დღეს ალბათ ამ ოცნებასაც ავიხდენ და გონებაში დალექილ ამ სილამაზეს ტილოზე გადავიტან, მანამდე კი… გავაგრძელებ ამბავს, რომელიც სრულიად მოულოდნელად შეიცვალა და ფერიც იცვალა…
სანამ ცვლილებას დავუბრუნდები, კიდევ ორ ადგილს გავიხსენებ… ერთი ნაკანების საგვარეულო კოშკია, მეორე კი, სოფელი მულახი… ნაკანების საგვარეულო კოშკი მე-12 საუკუნეში აუგიათ და დღეს მესტიის შუაგულში ამაყად ხვდება სტუმარსა თუ მასპინძელს. მულახი მესტიიდან ძალიან ახლოს მდებარეობს და ყურადღებას გზიდანვე იპყრობს თავისი დიადი სვანური კოშკებითა და სილამაზით, რასაც განსაკუთრებულობას მისი ადგილმდებარეობაც ანიჭებს. დავდივარ მონუსხული და 21-ე საუკუნის უცვლელ ატრიბუტს „სმარტფონს“ მხოლოდ ფოტოაპარატის დანიშნულებით ვიყენებ. მულახიდან მესტიის გზაზე ვგებულობთ რომ სოფელ ლენჯერში ახალმა კოვიდინფექციამ იჩინა თავი და სვანეთი 28 დღით ჩაიკეტა… დავბრუნდით სასტუმროში, ნინის დაბადების დღეა 10 აგვისტო და ვცდილობთ აღვნიშნოთ მაგრამ მარტივი არაა… მოვინდომეთ და ცოტათი გამოგვივიდა… გონებაში მაინც ლამაზად დარჩება ვფიქრობ…
აქიდან იწყება ჩემი ახალი და თითქოს დაუჯერებელი ამბავი…
11 აგვისტო… კარანტინი… განაჩენივით ჩაგვესმა ეს სიტყვა, მაგრამ რეალობაა და გადავწყვიტეთ ეს 14 დღე ისევ მესტიაში გავატაროთ… ჩავბარგდით და კარანტინში გადმოვბარგდით… ახალ რეალობაში და ახალ სამყაროში. პირველ დღეს მხოლოდ ოთახის თეთრ კედლებს ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა… არც ის მაინტერესებდა თუ რა ხდებოდა ირგვლივ… 2 დღე სრულიად ქაოსში და რეალობის გარკვევაში გაილია… ერთ დილას კი, აღმოვაჩინე ჩემი ოთახის ფანჯრიდან ბუნების პატარძალი თეთნულდი მიმზერდა… ეს უკვე ახალი ისტორიაა, ახალი ამბავი…
2 დღე ნისლში და ღრუბელში მემალებოდა დედოფალი… დღეს გამოჩნდა, გამონათდა და ხასიათიც სხვანაირად შემიცვალა… დღეს რეალურ და არარეალურ სამყაროს ვაკავშირებ თეთნულდის შემხედვარე… საწერი და გასაზიარებელი ბევრი მაქვს… აქ დროც ბევრი მაქვს… წინ 11 დღეა და ბევრს დავწერ და გავუზიარებ ჩემს დღიურს, მაგრამ ეხლა აქ გავჩერდები და ქართული ფილმის „სვანის“ შესავალით დავასრულებ წერას, რადგანაც ის პირდაპირ კავშირშია დიდებულ „კოჯ თვეთნულდთან“.
„შებინდდებოდა თუ არა, მწვერვალ თეთნულდიდან ცეცხლის სახით კოშკში მფარველი ანგელოზი შემოდიოდა და კოშკში მყოფნი ლოცვას იწყებდნენ. ანგელოზი კოშკში მცხოვრებთ მანამდე მფარველობდა სანამ ამ კოშკიდან სხვა გვარის კაცი არ მოკლეს, მას შემდეგ თეთრი ანგელოზი აღარ გამოჩენილა.“ – ეს ლეგენდა მულახის თემის ჯაჭვლიანების საგვარეულო კოშკს უკავშირდება. თვალთხილულმა სილამაზემ და მისტიურობამ რაც ამ მთებშია, გამახსენა ეს ლეგენდა და აქ მხოლოდ იმიტომ დავასრულებ წერას, რომ ამ საღამოს დავუდარაჯდე… ფიქრებს და ლეგენდებს გზა მივცე და ამ საღამოს თეთრი ანგელოზის გადმოსვლა დავინახო.
ხვააი ვლაჩქემახ მიშგუ შვანარ და დანარჩენო საქართველო!”