- დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პირველი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა.