- დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორმა თეონა ხუფენიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. “რეგისტრირებული 357 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 309 გამოცხადდა, არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მოხსნილია, ცენტრში დისტანცია და უსაფრთხოების ზომები დაცულია”.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 22 საგამოცდო ცენტრი წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ 41 000-ზე მეტ აბიტურიენტს მოემსახურება.
რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, თავად გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი – 15:00 საათი.