- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყარობით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში 360 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
ამ ეტაპზე, კომისია იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს განიხილავს, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მესამე ან მეოთხე კატეგორიის ნგრევად შენობებში ცხოვრობენ.
კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ, 360 ოჯახის სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ზუგდიდში, დამატებით, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართებს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.
ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება.