- კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის მთელ მსოფლიოში ადამიანები სტრესში არიან, გვიწევს დავემორჩილოთ პანდემიის შესაჩერებლად დაწესებულ მთელ რიგ შეზღუდვებს, ვერ ვნახულობთ ახლობლებს, ვერ გადავაადგილდებით მაშინ, როცა ეს ჩვენ გვსურს, დაკეტილია თავშეყრის ადგილები, ვერ მივდივართ საყიდლებზე და ეს შეზღუდვების ძალიან მცირე ჩამონათვალია.
ამ ყველაფრის ფონზე კი ძნელი დასაჯერებელია, რომ სადღაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც სრული თავისუფლებით ტკბებიან და ამავდროულად, ვირუსის არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
სანამ თითქმის მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიით იტანჯება, ერთადერთი კონტინენტი, სადაც ვირუსი არ გამოვლენილა ანტარქტიდაა. ის ვირუსისგან აბსოლუტურად თავისუფალი ადგილია. დედამიწის ყველაზე ცივი წერტილი ახლა დედამიწის ყველაზე უსაფრთხო ადგილადაც მიიჩნევა.
რა თქმა უნდა, იქ ადგილობრივები არ ცხოვრობენ, თუ არ ჩავთვლით პინგვინებს, ვეშაპებს, ალბატროსებს და დაახლოებით 5000 ადამიანს, რომლებიც ძირითადად მეცნიერები და მკვლევარები არიან.
45 წლის კერი ნელსონი ანტარქტიდაზე ერთ-ერთი კვლევითი სადგურის ადმინისტრაციული კოორდინატორია. ის ამბობს, რომ მადლიერი და ბედნიერია იქ ყოფნით.
“მე ვფიქრობ, რომ ახლა აქ მყოფი ყველა ადამიანი მადლიერია იმის გამო, რომ აქ არის, მადლიერი იმ უსაფრთხოებისთვის, რომელიც ამ ადგილს აქვს. ზოგიერთი მზადაა სახლში დაბრუნდეს, რათა დაეხმაროს საყვარელ ადამიანებს, მაგრამ ყველა ჩვენგანი ამ ადგილას ცხოვრებით ძალიან ბედნიერია, რადგანაც აქ დაავადება არ არსებობს.
ამ ადგილს პანდემია არ ეხება. ვკითხულობ ყველაფერს მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის შესახებ“, – ამბობს ნელსონი CNN-თან, რომელიც ანტარქტიდაზე სხვადასხვა სეზონებზე 2007 წლიდან მუშაობს.
29 წლის შოტლანდიელი რობერტ ტეილორი გაყინულ კონტინენზე Rothera Research Station-ზე მუშაობს მკვლევართა ჯგუფთან ერთად. ის მკვლევართა ჯგუფის საველე ხელმძღვანელია.
ტეილორი დედამიწის ყველაზე ცივ ნაწილში 6 თვის წინ ჩავიდა. ამბობს, რომ თავიდანვე ყურადღებით აკვირდებოდა მსოფლიოში ვირუსის განვითარებას, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის სერიოზულობას ვერ აცნობიერებდა.
“მახსოვს იანვრის დასაწყისში ჩინეთიდან მოსული ცნობები და ასევე მახსოვს ის პერიოდი, როცა დიდ ბრიტანეთში პირველი რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, თუ ყველაფერს ასეთი შედეგი მოჰყვებოდა“, – ამბობს ტეილორი.
კერი ნელსონი გაყინულ კონტინენტზე მიღებულ გამოცდილებას და თავგადასავლებს ადამიანებს “ინსტაგრამზე“ უზიარებს. Simply Antarctica ასე ჰქვია “ინსტაგრამზე” მის ანგარიშს, სადაც ანტარქტიდის ყველაზე რეალისტურ ფოტოებს დაათვალიერებთ.
ანტარქტიდაზე მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ახლა იქ ცხოვრება ყველაზე შთამბეჭდავი და უცნაური განცდაა. მათი თქმით, ეს ზღვა თავისუფლებისა და უსაფრთხოების შეგრძნებაა. ამბობენ, რომ როდესაც სახლებში დაბრუნდებიან, ყველაზე მეტად ამ განცდასთან დაშორება გაუჭირდებათ.