დები: ნესტანი და თეა როგავები


  • უჩვეულოდ თბილი თებერვალია. მივდივარ ობუჯში, ამ ისტორიულ სოფელში დებ როგავებთან შესახვედრად, რომლებიც წარმოშობით ზუგდიდელები არიან-ახალსოფლიდან. ისინი პედაგოგები არიან და მუშაობენ ობუჯის გ. მებონიას სახელობის საჯარო სკოლაში მასწავლებლად. ორივე დას დაებედა ობუჯელების რძლობა. ოჯახზე, მშობლებზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, შვილებზე, მოსწავლეებზე ვიწყებთ საუბარს.

ესტერი: – დავიბადე ახალსოფელში. დავამთავრე ახალსოფლის საშუალო სკოლა და ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკა-მეთოდიკის ფაკულტეტი. ჩემი ბედნიერება ოჯახია. მყავს ოჯახზე შეყვარებული მეუღლე ბესო მესხია, სპეციალობით ინჟინერ- მშენებელი. მყავს ერთადერთი ვაჟიშვილი გიორგი მესხია, რომელიც სწავლობს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის სეუ-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიური ფაკულტეტზე ტურიზმის მიმართულებით. არის წარმატებული სტუდენტი.

თეა: – მე დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი. მყავს მზრუნველი, მოსიყვარულე მეუღლე ელდარ გამრეკელიძე და ქალ-ვაჟი ნინო და მათე.

-რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგობა?

 ესტერი: უკვე წლებია, ამ საქმეს ვემსახურები, მიმაჩნია, რომ პროფესიონალიზმი და ბავშვისადმი უპირობო სიყვარული, პიროვნულ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ის გასაღებია, რომელიც ბავშვების გულის კარებს გაგიხსნის და მათ საოცარ სამყაროში შეგიშვებს. მადლობა ჩემს პატარებს თავიანთ ფერად სამყაროში მამყოფებენ და თავს მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანად მაგრძნობინებენ. ბავშვებისგან წამოსული პოზიტივი თითოეული მათგანის თვალებიდან ამოკითხული ნდობა და პატივისცემა, ყველაზე დიდი ჯილდო და საზღაურია, რომელიც შეუძლებელს შეგაძლებინებს, პრობლემებთან შეჭიდების სურვილს გიჩენს.

თეა: მასწავლებელი, რომლის პროფესია “ხელობა კი არა, ღვთის მსახურებაა”, ეს უდიდესი მისიაა სიყვარულით, რუდუნებით და ღირსებით სავსე.

-როგორი პედაგოგები ხართ, ბავშვებს არ უბრაზდებით?

-ესტერი: მოსიყვარულე, თბილი და მოსწავლეებზე მზრუნვალი ვარ, თუ გავბრაზდი ე.ი. მხოლოდ მათ სასიკეთოდ, მაგრამ იშვიათად მაბრაზებენ ჩემი პატარები.

თეა: ვფიქრობ, ზომიერად მკაცრი მასწავლებელი ვარ და ვცდილობ, ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემაზე იყოს დაფუძნებული.

-როგორ იწყება თქვენი დილა?

-დილა იწყება ოჯახის წევრებზე ზრუნვით და დღე სკოლაში გრძელდება, რომელიც ჩვენი მეორე ოჯახია.

-როგორ მოხვდით ორივე და სოფელ ობუჯში?

– ალბათ, ბედისწერაა, რომ ჩვენ ობუჯელების რძლები ვართ.

-რისი გაკეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

ესტერი: თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს, მაგრამ ვცდილობ, გამოვნახო დრო და ახალი ლექსი ვისწავლო, რომელიც სულიერ სიმშვიდეს მაპოვნინებს.

თეა: თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ყოფნა და ფინჯანი ყავით გამასპინძლება. მიუხედავად პანდემიისა მაინც ვახერხებთ ერთად ყოფნას ბედნიერ წუთებს ვჩუქნით ერთმანეთს.

ოჯახში როგორ გაქვთ ფუნქციები გადანაწილებული, გეხმარებიან თუ არა მეუღლეები?

ესტერი: ოჯახში ჩვენი ფუნქციები გადანაწილებულია და ვცდილობთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რომ ოჯახური ჰარმონია არ დავარღვიოთ.

თეა: ქართულ ტრადიციებს ვაფასებთ და ვუფრთხილდებით.

-ბავშვობაში ვინ იყო თქვენი უსაყვარლესი მასწავლებელი?

ესტერი: სკოლის პერიოდი განსაკუთრებულია ჩემთვის. მყავდა საოცარი მასწავლებლები და ამაყი ვარ, რომ დღეს ჩემი მშობლიური სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა. ალბათ, არ მიწყენენ ჩემი მასწავლებლები, რომ ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი დავასახელო. საუკეთესო, გამორჩეული შემოქმედი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი აზა ჯოჯუა, რომლის სითბო და სიყვარული დღემდე მომყვება. მოტივაციას მაძლევს, რომ ხვალ ვიყო ბევრად უკეთესი.

თეა: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მყავდა უთბილესი და უსაყვარლესი მასწავლებლები, განსაკუთრებით ჩემი პირველი მასწავლებელი, ქალბატონი კლარა ნაყოფია, მასთან ურთიერთობის სითბო დღემდე მომყვება. მინდა განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით გავიხსენო ჩვენი ოჯახის უღალატო გულშემატკივარი და საუკეთესო მრჩეველი, რუსული ენის მასწავლებელი ქალბატონი ლალა ქანთარია. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

ის რაც უპატიებელია და არ პატიობთ?

ესტერი: ალბათ, ტყუილს ვერ ვაპატიებ ადამიანს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე.

თეა: ზოგადად მიმტევებელი ადამიანი ვარ, მაგრამ გააჩნია რა შემთხვევაში და ვის რას ვაპატიებდი.

რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

 ესტერი: სიხარულით სავსე დღეებს, მშვიდობას, წინსვლას და კეთილდღეობას.

თეა: უღრუბლო ცას, ერთმანეთის სიყვარულს, სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებთ ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო.

ესაუბრა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!