- 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისბუქგვერდზე, თავისი პოზიცია დააფიქსირა ზუგდიდელმა პედაგოგმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ლიკა ჭურღულიამ.
“დიახ, “ამ ცხოვრების დედაც…” და სად ვართ ჩვენ, პედაგოგები?! 2011 წელს გავხდი სერთიფიცირებული, მაგრამ ამან უკეთესი ვერ გამხადა… უფრო პირიქით… გავეკიდეთ კრედიტებს, კვლევას, ტრენინგებს სკოლის პარალელურად…ამდენი რეფორმა, ამდენი ექსპერიმენტი…
ათწლეულების მანძილზე, სკოლაში ნამუშევარი არცერთი მინისტრი და ყოველი მათგანის მოსვლით ახალ-ახალი მოთხოვნები, ახალ-ახალი ქაღალდომანია… სკოლა მარტო საგნების შესასწავლი სამჭედლო არაა, ის ადამიანების სამჭედლოა ჯერ… ჩემი საგნის ცოდნის გარეშე ჩემი მოსწავლე გაძლებს, მაგრამ ადამიანობის, გულისხმიერების, სიყვარულის გარეშე – ვერა… სად სცალია მასწავლებელს მოსწავლის თვალებში ჩასახედად, კრედიტი უნდა დააგროვის, გარე დაკვირვებისათვის უნდა მოემზადოს და ინერვიულოს… მასწავლებელმა კიდევ იმაზე უნდა იფიქროს ხელფასი როგორ იმყოფინოს თვიდან თვემდე… გამოთქმა: “მასწავლებლის პალტოსავით”, გგონიათ, რომ აქტუალური არაა უკვე? აქტუალურია და მერე როგორი აქტუალური…
მასწავლებელი სკოლაში უნდა “ცხოვრობდეს” თავის მოსწავლეებთან ერთად. გაკვეთილების მერე სხვა სამსახურით, სხვა საქმიანობით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სკოლიდან კი არ უნდა გარბოდეს ეგრევე, ხვალინდელ გაკვეთილს გეგმავდეს, დახმარება რომ სჭირდება იმ მოსწავლეს ეხმარებოდეს… მოსწავლეებთან ერთდ ლაშქრობაზე, პიკნიკზე მიდიოდეს… კიდევ რამდენი შეიძლება ჩამოვთვალო?! ბევრი, ძალიან ბევრი… მაგრამ არა, მასწავლებელი კრედიტებზე ფიქრობს და კიდევ იმაზე, ხელფასი როგორ იმყოფინოს… პენსიაზე გავა და 170 ლარი ექნება ყოველთვიურად და რა? ქუჩაში ხელგამოწვდილი მასწავლებელიც ხომ ვიხილეთ ამ დღეებში… დიდი ამბავი… ვის აინტერესებს მასწავლებლის სტაჟი და დამსახურება… “არს ჭური თვითმოძრავი”… მიგორავს და მიგორავს…
ჩემი თავისუფლება, შენი თავისუფლება, ყელში გაჩხერილი უსუსურობა, მოქნეული ხელი, ძალადობა და ბულინგი…
სად ვართ?! ვინ ვართ?! და მოსწავლე სადღაა?! არ გვცალია… მასწავლებლებს მოსწავლეებისათვის არ გვცალია… მასწავლებელი დაკავებულია… და რატომ არ გვცალია?! გაგვცემს ამ კითხვაზე ვინმე პასუხს?
დიახ, “ამ ცხოვრების დედაც,” ჩემო ლუკა! ნათელი შენს სულს! გვაპატიე, ყველას გვაპატიე, რომ ვერ დაგიცავით, არ დაგიცავით…”