დარიკო ფარცვანია: “ჩვენ არ ვზრდით შვილებს, ჩვენ ვზრდით საკუთარ თავს”


  • „ზუგდიდელების“ სტუმარია ჭითაწყარის საბავშვო ბაღის გამგე, ქალბატონი დარიკო ფარცვანია.

-ქალბატონო დარიკო, გაეცანით ზუგდიდელებს…

-მე გახლავართ დარიკო ფარცვანია, დავიბადე და გავიზარდე რუხში, დავამთავრე რუხის საჯარო სკოლა და ჩავირიცხე „ევროპულ უნივერსიტეტში“ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, სპეციალობით სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა. აგრეთვე დავამთავრე დავით უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი „ინკლუზიური განათლება”. ჭითაწყარის ბაღში შემცვლელ მასწავლებლად მოვედი, 2015 წლიდან კი ვხელმძღვანელობა მას.

-რა პროგრამით და მეთოდით მუშაობთ?

-ჩვენ ვსარგებლობთ ადრეული განათლების კურიკულუმით, რომელიც ეფუძნება ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, სადაც ბავშვის განვითარება ხდება თამაშებით. კურიკულუმის მეთოდიკა გულისხმობს ბავშვისთვის განმავითარებელი უსაფრთხო, პოზიტიურ და ხარისხიან გარემოს შექმნას. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბავშვებში მეგობრობის, გუნდურობის, პოზიტიური ურთიერთობის, სოციალური ცნობისმოყვარეობის, კონფლიქტის მოგვარების უნარების ჩამოყალიბებას. ჭითაწყარის საბავშვო ბაღს ემსახურება 16 თანამშრომელი. ჩვენთვის უპირველესია გუნდური მუშაობა. ბავშვებთან სწორი მიდგომა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ინვენტარების შეძენაში გვეხმარება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი. აგრეთვე სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა ხდება ჩვენი და მშობლების ჩართულობით. საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით ირიცხება 64 აღსაზრდელი. ბაღი არის სამჯგუფიანი. კვება ხდება 3 ჯერადად-საუზმე, სადილი და სამხარი. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. საბავშვო ბაღში მუშაობა დავიწყე 2014 წელს შემცვლელ მასწავლებლად, 2015 წლიდან დღემდე ვმუშაობ გამგედ. ადრე, საბავშვო ბაღს ქალბატონი ჯულიეტა სიჭინავა ხელმძღვანელობდა. მან თაობები აღზარდა. ის იყო თავისი საქმის პროფესიონალი. ბავშვებთან მუშაობა თავისთავად მოიცავს სიძნელეებს. ვერ ვიტყვი რომ ეს ადვილია, თითოეულ ბავშვს უნდა მიუდგე ინდივიდუალურად. ისწავლო მათი ხასიათი, მაგრამ მათთან მუშაობა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. როგორც ბევრი ფსიქოლოგი ამბობს, „ჩვენ არ ვზრდით შვილებს, ჩვენ ვზრდით საკუთარ თავს”. როგორიც გვინდა რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ, ისეთები პირველ რიგში უნდა ვიყოთ ჩვენ. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ვუყვარვარ მათაც. ამას ვგრძნობ და გამოხატავენ კიდევაც.

-რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

-პირველ რიგში იმიტომ ავირჩიე რომ ბავშვები ძალიან მიყვარს, ადვილად ვპოულობ მათთან საერთო ენას. ადვილად შევდივარ ურთიერთობაში. არ მიჭირს ნდობის მოპოვება, ვიზიარებ და ვაღიარებ მათ აზრებს. დავამატებ იმას, რომ ეს ისეთი პროფესიაა, სადაც ბავშვთან ერთად ვითარდები შენც. საბავშვო ბაღი ის ადგილია, სადაც ნამდვილი ხარ. უნდა იცეკვო, იმღერო, აკეთო ის, რითაც ბავშვს და საკუთარ თავს აბედნიერებს.

-რომ შეგეძლოთ რას შეცვლიდით საბავშვო ბაღში?

-მთელი ეს წლები მხოლოდ ამ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს: რომ შემეძლოს რას შევცვლიდი? ერთი და იგივე აზრი მიტრიალებდა თავში, რომ ბავშვებს ჰქონოდათ ახალი საბავშვო ბაღი, რომ თავი ეგრძნოთ უსაფრთხოდ. როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპისთვის, ვიმყოფებით კერძო, ნაქირავებ სახლში. მალე გადავდივართ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ახალ საბავშვო ბაღში, რომელიც ბავშვის უსაფრთხოებისთვის დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შენობა ადაპტირებულია შ.შ.მ პირებისთვის. აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პატარებისთვის. ახალი შენობითა და ინფრასტრუქტურით ბევრი და მნიშვნელოვანი რამ შეიცვლება ჭითაწყარის საბვშვო ბაღის ცხოვრებაში.

-როგორი იყო პირველი ემოცია როცა საბავშვო ბაღის გამგეობა შემოგთავაზეს?

-სიმართლე გითხრათ არ ველოდი, ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი, როცა რამე ახალს იწყებ ეს ბევრ ფიქრთან და საზრუნავთან არის დაკავშირებული. პირველი ემოცია იყო დუმილი….ხმა ვერ ამოვიღე. ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაა აღსაზრდელებისა და თანამშრომლების წინაშე. იყო სიძნელეები, ბევრი რთული დღე, მაგრამ ყველაფერი თანდათან დალაგდა.

-თქვენი ჰობი?

-მიყვარს ცეკვა, სიმღერა და კერძების მომზადება. მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი თავისუფალი დრო ოჯახს დავუთმო, მიყვარს სახლში სხვადასხვა საქმეების კეთება. კვირის შეჯამება. შვილებთან ერთად განვიხილავთ ამა თუ იმ საკითხს, ვუზიარებთ ერთმანეთს კვირის შთაბეჭდილებებს.

-მოგვიყევით თქვენს ოჯახზე.

-როგორც ყველასთვის ჩემი ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია და ღირებულია. სწორედ ოჯახში ყალიბდება ისეთი ადამიანური თვისებები, როგორიცაა სიყვარული და ზრუნვა. ჩემი ოჯახი ჩემი სიმდიდრეა. მაქვს ძალიან მეგობრული ოჯახი. ბედნიერი ვარ რომ მყავს მშობლები ნონა ცანავა და ჯემალ ფარცვანია. და-ძმა ირაკლი და თამრიკო ფარცვანიები. მყავს მეუღლე მამუკა ჩილაჩავა, შვილები: მიხეილი და მარიამ ჩილაჩავები. საუკეთესო დედამთილი, რომელიც გვერდში მიდგას მშობელ დედასავით-ქალბატონი მარინა ჯალაღონია. 3 წლის უკან გარდაიცვალა ჩემი მამამთილი იურა ჩილაჩავა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო… ყოველთვის ესმოდა ჩემი. ძალიან მაკლია და მენატრება დღემდე როგორც მამა.

-და ბოლოს…

– ჩემო ზუგდიდელებო, გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და რაც მთავარია მშვიდობას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!