- “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 1 თებერვალს, საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის ხელშეწყობით, ახალი 5 წლიანი გეგმის შესაბამისად, დაიწყო ქაღალდისა და მუყაოს ნარჩენების სეპარირება – რეციკლირების საპილოტე პროექტის განხორციელება.
“ამ მიზნით ცენტრმა საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიისგან დამატებით მიიღო 1 ერთეული 7 მ3 მოცულობის ნაგავმზიდი, 175 ერთეული სპეციალური კონტეინერი, ქაღალდისა და მუყაოს საპრესი დანადგარი და ავტოკარ – დამტვირთველი. ცენტრის მიერ დაქირავებული და დაკომპლექტებული იქნა ქაღალდისა და მუყაოს საპრესი საამქრო, სადაც დამატებით დასაქმდა 7 პირი.
16 აგვისტოს მდგომარეობით დამუშავებულ – დაპრესილი იქნა და სასაქონლო სახე მიეცა 109 ტონაზე მეტი მუყაოსა და ქაღალდის ნარჩენს.
საქონლის რეალიზაციის მიზნით ცენტრის მიერ 2023 წლის აგვისტოს თვეში გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა შპს “სუფთა სამყარო“ – მ, რომელმაც შეიძინა 90 ტონა ქაღალდი და მუყაო. ეს პირველი შემთხვევაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის ისტორიაში, როდესაც შეგროვებული მყარი ნარჩენი მთლიანად არ იქნა გაზიდული ნაგავსაყრელში და 1650 მ3 მუყაოსა და ქაღალდის მასა დაპრესილი ნედლეულის სახით დაბრუნდა ცირკულარულ ეკონომიკაში, რითაც ნაკლები ზარალი მიადგა გარემოს, ხოლო ადგილობრივმა ბიუჯეტმა მიიღო 16,8 ათასი ლარის დამატებითი ფულადი შემოსავალი.
2023 წლის 29 აგვისტოს აუქციონში გამარჯვებულმა ფირმამ დაიწყო საქონლის გაზიდვის პროცესი, რომელსაც ცენტრის დირექციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მერის მოადგილე მაიზერ ნანავა.
ადგილზე იქნა განხილული მყარი ნარჩენების სეპარირება – რეციკლირების პროცესების უფრო ფართო მასშტაბით განხორციელების შესაძლებლობები და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ქაღალდისა და მუყაოს რეალიზაციის გაზრდასთან ერთად, დაიწყება პლასტმასის ნაკეთობათა სეპარირება – რეციკლირების და რეალიზაციის პროცესი.”-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.