- შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი – 1981 წელს დაბადებული ჯ.ვ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჯ.ვ.-ს პირადი ჩხრეკისას, ასევე, ბათუმში ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 112 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.