დაიცავით და შეინარჩუნეთ ტრადიციები 86 წლის თინათინ ხვინგია


  • “ზუგდიდელების“ სტუმარია 86 წლის თინათინ ხვინგია – ქოჩუა. ქალბატონი თინათინი, ახალსოფლის ყოფილი კოლმეურნე, ნოვატორი მეჩაიე და მრავალი მედლის კავალერია. ის იხსენებს მისი ოჯახის ტკივილს და მოუწოდებს ახალგაზრდებს ტრადიციების დაცვას და შენარჩუნებას.

 – ქალბატონო თინათინ, როგორია თქვენი ცხოვრების ისტორია? –  17 წლის უკვე კოლმეურნეობაში მუშაობდით…

– რთული ცხოვრება გამოვიარე, სულ პატარა გოგო ვიყავი კოლმეურნეობაში რომ დავიწყე მუშაობა. მტკივნეულია ჩემთვის იმ დროის გახსენება. სეზონში ვკრეფდი ჩაის 9 ტონა ფოთოლს, რისთვისაც მაშინდელმა მთავრობამ დამაჯილდოვა მედლებით და შრომის ორდენით. ვიყავი მოწინავე მეაბრეშუმეც. ხალისიანად ვმუშაობდი. მერე ოჯახი შევქმენი გივი ქოჩუასთან ერთად. შემეძინა სამი შვილი – ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი:  ლეილა, ლერი და სოსო ქოჩუები.

თქვენს ოჯახს 1941 წლის ომმა დიდი ტკივილი მოუტანა…

–  3 წლის და ნახევრის ვიყავი, როცა მამაჩემი პროფი ხვინგია გაიწვიეს სამამულო ომში.  მახსოვს ტირილით ვწვებოდი და ვდგებოდი. მამაჩემი მენატრებოდა. ჩემი ახალგაზრდა მამა ომიდან არ დაბრუნებულა – შინმოუსვლელი მებრძოლი გახდა. ობლად გავიზარდე ჩემს და-ძმასთან ერთად. დღემდე მომყვება ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის დიდი ტკივილი.

ჩემი ორივე ბაბუა, დედის მხიდანაც და მამის მხრიდანაც, საქართველოში 1924 წლის მოვლენების მონაწილეები იყვნენ. ისინიც შინმოუსვლელების რიგებში არიან ჩაწერილი.

ახალგაზრდობას ვუსურვებ ერთმანეთის ამოდგომას, გაერთიანებას, მშვიდობას. უპატრონონ სამშობლოს… ვუყურებ ტელევიზორს, ვისმენ ინფორმაციებს და მიკვირს: – საქართველო ორად არის დაყოფილი. მოსაბეზრებელია მუდმივი ჩხუბი და კამათი. ჩემს დროში ასე არ იყო –  ჩვენ ურთიერთპატივისცემა, დანდობა და სიყვარული გვქონდა.  მშვიდობა უნდა მოვიპოვოთ და  დავაფასოთ.

– ქალბატონო თინათინ, შვილებზე მოგვიყევით…

 – ვაჟიშვილები დაოჯახებულები არ არიან, – ეს ჩემი დიდი დარდია. ქალიშვილისგან ერთი შვილიშვილი მყავს, მას კი სამი შვილიშვილი. გარდაცვლილი შვილიშვილისგან, კობა მიქაძესგანაც ერთი შვილთაშვილი მყავს. ოთხი შვილთაშვილი მიხარებს გულს.

86 წლის ხდებით. ძალიან კარგად გამოიყურებით…

– შვილებს ვემადლიერები, – ქალიშვილი სულ ჩემს ყურადღებაშია. ლერი და სოსო არაფერს მაკლებენ.

– რას ეტყვით თანამემამულეებს, ზუგდიდელებს…

– მათ მე  ვუსურვებ ერთმანეთის სიყვარულს და ტრადიციების დაცვა – შენარჩუნებას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!