“ადამიანებმა შვება რომ იგრძნონ“


დავით ვერავას ზუგდიდელები იცნობენ როგორც საბანკო სისტემის პროფესიონალს, მაგრამ მას აქვს თავისი პარტიული ცხოვრებაც, რომელიც დღითიდღე საინტერესო ხდება, მით უფრო, რომ მომავალი წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ამ არჩევნებში, როგორც დათო ამბობს, მისი პარტია, “თავისუფალი დემოკრატები” ზუგდიდის ოფისს ის ჩაუდგა სათავეში, თავის სიტყვას იტყვის.

_ 2009 წელს, როცა ირაკლი ალასანია ჩამოვიდა  საქართველოში თბილისის მერიოტში და დააფუძნდა „თავისუფალი  დემოკრატები“, მე ვიყავი ერთ-ერთი დამფუძნებელი მასთან ერთად და იქიდან მოყოლებული, ვარ ამ პარტიის აქტიური წევრი. წელს კი, პარტიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ზუგდიდის ორგანიზაციას ვუხელმძღვანელო მე. “თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამა ყველასათვის ნათელია და შემდგომ საარჩევნო პერიოდისათვის უფრო გაძლიერდება, სტრუქტურას დავხვეწავთ, “თავისუფალ დემოკრატებს” გვაქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები. ამ ეტაპზე, ჩვენ დავიწყეთ ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების მშენებლობა, ოფისების გახსნა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დავანახოთ მოსახლეობას რა  პლატფორმაზე დგას „თავისუფალი დემოკრატები“, თუ როგორია ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური  ხედვა ქვეყნის განვითარების კუთხით. მე დარწმუნებული ვარ,  მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ელექტორატი არჩევანს გააკეთებს იმ ღირებულებებზე, რომელიც წაადგება ქვეყანას, რომელსაც თავისუფალი დემოკრატები განვახორციელებთ. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მალე გავაჟღერებთ ჩვენს წინა საარჩევნო პროგრამას, სადაც ასახული იქნება ჩვენი ხედვები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და განათლების განვითარების მიმართულებით.  როგორც მოგახსენეთ, დიდი ხანია ვმუშაობ საბანკო სისტემაში, ვიცი რა პრობლემებია ბიზნესის კუთხით. ვიცი, რა გავაკეთო იმისათვის, რომ ადამიანებმა შვება იგრძნონ. „თავისუფალი დემოკრატები“ გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმით, საქმისადმი დამოკიდებულებით, ჩვენ ვიცით, თუ  როგორ დავძლიოთ მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში.

„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი როგორ ზუგდიდს ხედავს მომავალში?

-ბიზნესის მიმართულებით პრობლემებია ზუგდიდში. ამ საქმეს პროფესიონალები სჭირდება. ჩვენ ვიმუშავებთ ამ კუთხით. ბიზნესი უნდა განვითარდეს, მხოლოდ ასე შეიძლება ქალაქის ხვალინდელი დღე უკეთესი გახდეს.

-ბატონო დავით, თქვენ ცნობილი ზუგდიდელის, შესანიშნავი პიროვნების, ბატონი შაქრო ვერავას და ქალბატონ ნანი ჩიქოვანის შვილი ბრძანდებით, მაგრამ ზუგდიდელებს მაინც გააცანით  თქვენი ოჯახი.

-მამაჩემი – შაქრო ვერავა მუშაობდა საფინანსო სისტემაში. ის, რა თქმა უნდა, მთელს რაიონს იცნობდა და მასაც იცნობდნენ როგოც თავისი საქმის პროფესიონალს. დედა, ნანი ჩიქოვანი 75 წლისაა, პენსიონერია, ადრე მუშაობდა ბავშვთა ბიბლიოთეკაში გამგედ და მოგეხსენებათ, მანაც კარგად იცის  როგორ იზრდებოდნენ თაობები ზუგდიდში.

19 წლის ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი. მეუღლე მარინე შეროზია ზუგდიდელია, ექიმი მეან-გინეკოლოგი. გვყავს ორი ქალიშვილი: ნინა და თათული ვერავები.

– ნინა სწავლობს ი.ე.ს.-მში. ოჯახი შექმნა ბექა ჟორდანიძესთან ერთად და უკვე გვყავს შვილიშვილი დიანა ჟორდანიძე. თათულიმ წელს დაამთავრა საჯარო სკოლა ოქროს მედალზე, აიღო 100%-იანი გრანტი და არის სტუდენტი თავისუფალ უნივერსიტეტში. ჩემი და ეკა ვერავა და სიძე დათო ალავიძე მუშაობენ საბანკო სისტემაში.

-ბატონო დავით, რა არ მოგწონთ ადამიანის თვისებაში?

-კაცი უნდა იყოს უღალატო, უნდა შეეძლოს სიყვარული.

როზა როგავა

 

დავით ვერავას ბიოგრაფია:

დავით ვერავა 1968 წლის 5 სექტემბერს დაიბადა.

 1985-1993 წლებში დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით.

 1994-1997 წლებში ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, იურისტის სპეციალობით.

 1988-1990 წლებში ზუგდიდის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ტექნიკურ თანამშრომლად მუშაობდა.

 1990-1993 წლებში იყო ზუგდიდის რაიკოოპკავშირის კოპვაჭრობაში ეკონომისტი.

 1993-1994 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული „აგრომრეწვბანკის“ ზუგდიდის ფილიალის საგეგმო ეკონომიკური განყოფილების უფროსია.

 1994-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული „აგრომრეწვბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველის მოადგილე.

 დავით ვერავა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრია 1998-2002 წლებში „სოციალისტებიდან“.

 1998-1999 წლებში სააქციო საზოგადოება „აგრომრეწვბანკის“ სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის მმართველის მოადგილეა.

 1999-2000 წლებში სააქციო საზოგადოება „აგრომრეწვბანკის“ სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის მმართველი.

 2000-2007 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ ფილიალს ხელმძღვანელობს.

 2007-2009 წლებში შპს „ანტრეს“ ფინანსური მენეჯერად მუშაობდა.

 2011 წლიდან დღემდე სს ბანკი „რესპუბლიკას“ ზუგდიდის ფილიალის მმართველია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!