დავით გახარია სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატორია


  • “ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო, საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, “საჯვარო-ფაიფურის” მაჟორიტარი დეპუტატი დავით გახარია. ბატონი დავითი პროფესიით ეკონომისტია. 20 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა სამოქალაქო ბიუჯეტის არჩევნები. სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა სწორედ მას ეკუთვნის.

დავით გახარია: “თავიდან, გვსურდა, პროექტის განხორციელება დაგვეწყო თუნდაც ერთი ზონიდან, მაგრამ გიორგი შენგელიამ, რომელიც მაშინ მერის მოადგილე იყო, შემოგვთავაზა, პროექტი ქალაქის ხუთივე ზონაში განგვეხორციელებინა. გვინდოდა, პროექტის, მარტის თვეში დაწყება, მაგრამ ეს პროცესი მერობის საარჩევნო კამპანიას დაემთხვეოდა და შევიკავეთ თავი. ოპონენტები იტყოდნენ: წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არისო. სურვილი გვქონდა, პროექტში ჩართული ყოფილიყო ყველა, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. არჩევნების შემდეგ, ივნისის თვიდან, დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ჯერ რეგულაციებზე ვიმუშავეთ. შემდეგ შეიქმნა სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო. საბჭოს თავმჯდომარედ მე ამირჩიეს. მინდა, ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი, სხვა მუნიციპალიტეტებში საბჭოს თავმჯდომარე ყველგან მერია, ან მერის მოადგილე. პირველი პრეცედენტი მოხდა ზუგდიდში, როცა საკრებულოს წევრი გახდა საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები. დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია და სხვადასხვა ზონაში გაიმართა 21 შეხვედრა.

მინდა, საზოგადოების განწყობაზე გკითხოთ…

– პროექტს, თავიდან, სკეპტიკურად უყურებდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვაგრძელებდით მათთან შეხვედრებს. ვუხსნიდით, რომ 2020 წლიდან, ქალაქის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმავდნენ საკუთარ ბიუჯეტს. ქალაქის ხუთი ადმინისტრაციული ერთეულიდან, თითოეულს, გამოეყოფოდა 200 000 ლარი და ეს თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯებოდა.

არჩევნებში 1439-მა ზუგდიდელმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოში 5 წელია არსებობს ეს პროექტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის აქტივობა არსად დაფიქსირებულა. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო  ყველა ზუგდიდელს, ვინც მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტების არჩევნებში, ვინც გვერდში დაუდგა ამ პროექტის განხორციელებას – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და, რა თქმა უნდა, პოლონეთის საელჩოს და სოლიდარობის ფონდ “PL საქართველოს”.

რაც შეეხება კენჭისყრას…

– კენჭისყრა გამჭვირვალედ ჩატარდა. კომისიის წევრები იყვნენ საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ხმების დათვლის პროცესს პროექტის ავტორებიც ესწრებოდნენ. ყველა თავის ხმას იცავდა. პრეტენზია არცერთ მათგანს გამოუთქვამს.

ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქის რომელ ზონაში დაფიქსირდა?

– 629 ამომრჩეველი მოვიდა “ეგრისის” ზონაში ხმის მისაცემად და ქალაქის 5 ზონას შორის ეს იყო ყველაზე მეტი. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, ჯამში 26 პროექტი გავიდა. “ეგრისის” ზონაში, 200 000 ლარის ღირებულების ნაცვლად 283 137 ლარის 9 პროექტი განხორციელდება. ერთი-ერთი პროექტი, რომელიც “ეგრისის” ზონის თითოეულ მაცხოვრებელს შეეხება, არის ქუჩის ნუმერიზაცია. პროექტის ბიუჯეტი 49 650 ლარს შეადგენს. ჯამში 2700-მდე აბრა დამზადდება თითოეული ოჯახისთვის, მრავალბინიანი კორპუსებისთვის, სკოლებისთვის, ორგანიზაციებისთვის, წარმოებებისთვის. ასევე, პროექტის ფარგლებში, ჩვენი ზონის ცენტრალურ ქუჩებზე დაიდგმება 60-მდე ქუჩის მიმართულების მაჩვენებელი. გარდა ქუჩების ნუმერიზაციისა, განხორციელდება კიდევ 8 პროექტი, რომელიც მოიცავს სკვერების, სათამაშო მოედნების, მოსაცდელებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ადგილების მოწყობას. ყველაზე მნიშვნელოვანია და დიდად მახარებს ის, რომ ამ პროექტში ჩართულები იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. სწორედ ორი გამარჯვებული პროექტის ავტორია 14 წლის გიგი გამსახურდია (კალათბურთის მოედნის მოწყობა, პროექტის ღირებულება 19500 ლარი) და 15 წლის ილია ქაძინიძე (მინი სტადიონის მოწყობა, პროექტის ღირებულება 60 000 ლარი). პროექტის ყველაზე უფროსი მონაწილე გახლდათ, 74 წლის თამაზ ჩარკვიანი (სანიაღვრე არხების მოწყობა, პროექტის ღირებულება 142 221 ათასი ლარია).

როგორ ფიქრობთ, პროექტმა გაამართლა?

– გაამართალა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, არჩევნებში მოსული მოქალაქეების აქტიურობა. რაც მისასალმებელი ფაქტია. მომავალ წელს, პროექტში მონაწილეობას მიიღებს სოფელი. ვფიქრობთ, პროექტი  უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ “სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში” პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. სადაც მიწვეული იყვნენ სოლიდარობის ფონდისა და ზუგდიდის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს წარმომადგენლები.

ბატონო დავით, არტიციპაციის აკადემიაში მიიღეთ მონაწილეობა…

– დიახ. პარტიციპაციის აკადემია წარმოადგენს საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი PL-ის მიერ დაარსებულ სასწავლო აკადემიას, სადაც შეისწავლება  სამოქალაქო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები. აკადემიამ პირველად, წელს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 15 მონაწილე მიიღო. აკადემიაში  ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ქეთევან ესართია და არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეოგენის” აღმასრულებელი დირექტორი მაია კალანდია.

თქვენ ბიზნესიდან პოლიტიკაში მოხვედით.

– დიახ. რამდენიმე წელი ბიზნესში ვიყავი ჩართული. როდესაც ეს შემოთავაზება მივიღე, ვიფიქრე, რატომაც არა, როცა გაქვს ამის შესაძლებლობა 4 წელი შენს საყვარელ ქალაქს ემსახურო და გააკეთო მაქსიმუმი შენი ქალაქისთვის.

საჯვარო-ფაიფურის” მაჟორიტარი დეპუტატი ხართ…

– ძალიან მიყვარს ეს უბანი. ხშირად ვხვდები მოსახლეობას. ვიცი მათი პრობლემების შესახებ. მათ იციან ჩემი საკონტაქტო ნომერი და ისიც იციან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მომმართონ.  ჩვენს უბანში, როგორც სხვა უბნებში, არის პრობლემები, რომელთა მოგვარება ეტაპობრივად მოხდება.

როგორია დავით გახარიას ერთი დღე?

გახარიების ოჯახი მეუფე გერასიმესთან

– დილით ადრე ვდგები. მიყვარს ფეხით სიარული და ასევე ველოსიპედით სეირნობა ჩემს ქალაქში. შემდეგ ბავშვები მიმყავს სკოლაში. 9 საათზე სამსახურში ვარ. თუ დამირეკა მოქალაქემ, მივდივარ დანიშნულების ადგილას. ვეცნობი პრობლემებს და ვმუშაობ მათი გადაჭრის გზებზე. თავისუფალ დროს, ძირითადად, ოჯახში ვატარებ. მეუღლე ნანა ჯახია მუშაობს კეთილმოწყობის სამსახურში. გვყავს სამი გოგონა. ვფიქრობ კარგი მამა ვარ…

ბატონო დავით, საკრებულოში მალე ბიუჯეტის განხილვა დაიწყება.

– დიახ. ბიუჯეტის განხილვა ნოემბრიდან დაიწყება. შარშან ბიუჯეტის დამტკიცებაზე ვთქვი, რომ ამ ბიუჯეტს ჰქონდა ორი ნაკლი: ერთი ის, რომ მწირი იყო და მეორე ის, რომ მოსახლეობის ჩართულობა ნულის ტოლი იყო. ვფიქრობ, მიმდინარე წელს ვითარება რადიკალურად შეიცვლება და ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა მაქსიმალური იქნება.

ეკა ფარულავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!