- ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში, ქართველ ქალთა ვნახე კრება, გეფიცებით, მათი ნახვა, ახლა ისევ მენატრება…“ გაზაფხულის ამ ლამაზ დღეებში, აკაკი წერეთლის ამ ლამაზი ლექსით მინდა შევეხმიანო დადიანების უმშვენიერეს ქალბატონებს და თქვენც ჩვენო მკითხველო.
თქვენ იცით, ეს მშვენიერი არსებანი, ქალურ სინაზესთან ერთად, შემკული იყვნენ მამაკაცური სიძლიერით, გადალახეს ათასგვარი წინააღმდეგობა და აკეთებდნენ სამშობლოსთვის საკეთილდღეო საქმეებს.
დედოფალ ნინო ბაგრატიონ დადიანს და სალომე დავითის ასულ დადიანს შეგახსენებთ დედოფალი ნინო ბაგრტიონ-დადიანი (1772-1847 წწ) ერეკლე მეორის შვილიშვილი და გიორგი მე-12 -ს ასული იყო, მეუღლე გრიგოლ კაციას ძე დადიანისა, რომელმაც გადედოფლებისთანავე, მიუჩინა მეუღლეს სადედოფლო მამული – ებოძა საჭილაო მამული, აზნაურით, გლეხით, საზღვრით საზღვრამდე, შემოსავალ-გასავლით.
ნინო დადიანი 1804 წლიდან 1811 წლამდე მართავდა სამეგრელოს. 1805 წელს, დედოფალმა, რუსეთში დეპუტაცია გაგზავნა, თან საჩუქრად, რუსეთის იმპერატორთან გააყოლა ვლაქერნის ღვთისმობლის ხატი, რომელიც 1806 წელს, ალექსანდრე II – მ უკან დააბრუნა ძვირფასი თვლებით შემკული: “ვიცი რა, რომ მეგრელებს ძველთაგანვე აქვთ სასოება და რწმენა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატისადმი, მე ვუბრუნებ მას საჩუქრად ოჯახს და მთელ სამეგრელოს“. ასევე მილონი მანეთი ხატისთვის ეკლესიის ასაშენებლად. დღევანდელი დადიანების კარის ეკლესია, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარი, სწორედ ამ ფულით და ამ ხატის პატივსაცემად, მოგვიანებით, 1825-1830 წლებში, ააშენა ნინო ბაგრატიონ დადიანის შვილმა ლევან V დადიანმა. ნინო დადიანის პორტრეტი, ფერწერული ნამუშევარი, უცნობი მხატვრის მიერ შესრულებული, 2010 წელს, ავსტრალიაში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ვიქტორ დადიანმა შეიძინა აუქციონზე და საქართველოს სახელმწიფოს გადასცა საჩუქრად. იმავე წელს დედოფალი „შინ დაბრუნდა“. დღეს ის, დედოფლისეული სასახლის საგამოფენო სივრცეშია გამოფენილი.
სალომე დავითის ასული დადიანი, როგორც თანამედროვენი აღნიშნავდნენ, სილამაზით ძალიან გავდა, თურმე სალომე დედას, ეკატერინეს.
იმ დროინდელი ფრანგული პრესა წერდა რომ „სალომე დადიანი იყო გრაციოზული და წარმტაცი, კავკასიის სამხრეთ პროვინციაში, სამეგრელოში, სადაც დადიანების გვარის წარმომადგენლები დიდი ხანია მეფობენ, ამბობენ რომ ქალები ლამაზები არიან”. გარდა სილამაზისა, ის იყო თავისი ქვეყნის მსახური, არ თაკილობდა არანაირ შრომას, რითაც მაგალითს აძლევდა გვერდით მდგომს. არაორდინალური ადამიანი იყო. თანამედროვენი აღნიშნავდნენ, თუ როგორ გაჰქონდა მთავრის ასულს თავისი მოყვანილი პროდუქტი ბაზარში. დახლის თავში დგებოდა თავად ყიდიდა პროდუქტს, რითაც ყველას მიანიშნებდა, რომ ვაჭრობა სირცხვილი არ იყო. სალომეს და აშილ მიურატის დამსახურებაა, რომ ზუგდიდის მაზრის სამღვდელოებას მიეცა უფლება გაეხსნა ქალთა ორკლასიანი სასწავლო დაწესებულება და მას სამი წლით დაუთმეს ერთ-ერთი თავიანთი სახლი. სალომე წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრი გახლდათ და ბევრს აკეთებდა ამ მიმართულებით.
მარინა ქობალია, დადიანების საახლეთა ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმის ფონდებისა და კოლექციების დეპარტამენტის უფროსი.