- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ასევე არსებულის გამწვავებას.
“მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ახალშობილები და ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.
• თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს ღებულობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს მედიკამენტების დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ.
• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
• თუ მედიკამენტს იღებთ, შეინახეთ იგი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში).
• გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ოფლიანობის დროს ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს მარილი და მინერალები. ჰკითხეთ ექიმს, როგორ აღადგინოთ მათი ბალანსი უსაფრთხოდ.
• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.
• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე, (თუ ეს სახიფათო არ არის), სანამ სიგრილე იქნება.
• თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.“-ნათქვამია ინფორმაციაში.