გუბერნატორი აშშ-ს ელჩს შეხვდა


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა და რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შონიამ ელჩს აფხაზეთის საზღვართან არსებული მდგომარეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ამერიკის ელჩის განცხადებით, რეგიონში ეკონომიკის და განათლების სფეროს განვითარებისთვის  სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა განაცხადა, რომ „ელჩი დაინტერესდა რეგიონში მიმდინარე და განსხახორციელებელი პროექტებით, განსაკუთრებით რუხი მოლით, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ასევე, რუხის მშენებარე საავადმყოფოთი. ამერიკის საელჩო მზად არის დაეხმაროს რეგიონს სოფლის მეურნეობის და განათლების კუთხით, ამ სფეროებში გადაამზადოს რეგიონის ახალგაზრდები“.

 „ეს გახლავთ ჩემი მეორე ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში. მოხიბლული ვარ იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც ამ რეგიონს გააჩნია. ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან ვისაუბრე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.  დავსახეთ სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ ხელოვნური საზღვრის გასწვრივ არსებულ სიტუაციაზე და იმ სამწუხარო ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა, საუბარია ნაბაკევის ინციდენტზე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“ – განაცხადა გუბერნატორთან გამართული შეხვედრის შემდეგ იან კელიმ.

გუბერნატორისა და ელჩის შეხვედრას, აშშ-ის ელჩის პოლიტიკური მრჩეველი ლორა ჰოჩლა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა ესწრებოდნენ.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!