- “ზუგდიდელების” სტუმარია პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი “ეროვნული მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი სიჭინავა.
პირველი შეხვედრა საზოგადოებასთან
ჩემი პირველი შეხვედრა საზოგადოებასთან ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სრულიად ახალგაზრდამ დავიწყე მუშაობა ენგურჰესის სამმართველოს მრავალტირაჟიან გაზეთში. ერთი წლის შემდეგ კი, საცხოვრებლად სოხუმში გადავედი.
ეროვნული მოძრაობა, გიორგი სიჭინავა და “აღდგომა”
ეროვნული გრძნობები, ჩემში, ბავშობიდანვე მოძრაობდა. მერე ეს გრძნობა უფრო და უფრო გაღრმავდა. მქონდა შემთხვევა გამეცნო ზვიად გამსახურდია, ის რამდენიმეჯერ ჩამოვიდა აფხაზეთში. ერთხელ ლიძავაში, მამისეულ აგარაკზე ვეწვიეთ. ჩემთან ერთად ცხონებული ვოვა ვეკუაც იყო. როცა პრეზიდენტი გამსახურდია ანტიეროვნულმა ძალებმა განდევნეს, სოხუმში, თანამოაზრეებმა: ანზორ გვარამიამ, მურმან ზაქარაიამ, რამაზ კუპრავამ, სერგო საჯაიამ, გოგი ხაფთანმა, ზურაბ კვარცხელიამ და მე, დავაფუძნეთ გაზეთი “აღდგომა”, რომლის მთავარ რედაქტორად მე ამირჩიეს. ჩვენი მიზანი იყო დევნილი პრეზიდენტის დაბრუნება და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა.
გიორგი სიჭინავა და მეგრული ენა
მეგრული ენა არის ენა და არა დიალექტი. ამას ცალსახად აღიარებენ დიდი ენათმეცნიერები, ხოლო მეცნიერებას მიტმასნებული, ყველაფერში ხელმოცარული კაცუნები კი, “გვიმტკიცებენ” მეგრული ისეთივე დიალექტიაო ქართულისა, როგორც იმერული, ხევსურული, კახური და ა.შ. ზოგჯერ იმასაც იტყვიან, ვიცით, რომ მეგრული სრულყოფილი ენაა, მაგრამ ეგ რომ ვაღიაროთ, საქართველო დაგვეშლებაო. თურმე სიმართლე დაგვშლის, ხოლო სიცრუე გაგვაერთიანებს. მე კი მგონია, მეგრულ–სვანური, ქართულთან ერთად, ქმნის ჩვენს დღევანდელ სახელმწიფო და რელიგიურ ენას. ზოგადქართულის შენაკადების დაშრეტა კი, და მათი ხელოვნურად გაქრობა, იგივე უბედურებას მოგვიტანს, როგორიც ისტორიის გაყალბებამ მოგვიტანა. აფხაზეთი–ლაზ–მეგრულთა ქვეყანა, კოლხური კვალის წაშლის მცდელობის გამო, აფსუებს დავარქვით და თუ რა უბედურება მოჰყვა ამას, უკვე სახეზეა. “ვაიისტორიკოსებმა” წარსულიდან ამოშალეს იბერია და ახლა იმ სივრცეში თავის წილ ტერიტორიებს ეძებენ სომხები და აზერბაიჯანელები, ოსებმა კი, თბილისის მახლობლად, მეორე ოსეთი შექმნეს. რაც შეეხება პოლიტიკურ დაპირისპირებას, საქართველოში, ასეთი დაპირისპირება არ ყოფილა. ეგ არ არის პოლიტიკური დაპირისპირება. ეს არის გარკვეული ჯგუფების ბრძოლა ხელისუფლებისათვის.
“უტუ მიქა”
უტუ მიქა სახალხო გმირია. ის მივიწყებული იყო და უსამართლოდ შეურაცხყოფილი. ჩემი ისტორიული რომანი “უტუ მიქა” ახლახანს გამოვიდა და მისი განსჯა მკითხველისთვის მიმინდია.
გიორგი სიჭინავა და ბეჭდვითი მედია
ბეჭვდითი მედია, სამწუხაროდ, ვერ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. ბოღმის დანთხევა და ერთმანეთის ლანძღვა კრიტიკა არ არის. მართალია, ბევრი ბეჭდვითი მედია შორს არის ასეთი გამოხდომობისაგან, მაგრამ როგორც იტყვიან, ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
ვინ არის გიორგი სიჭინავასთვის გიორგი სიჭინავა?
ვინ არის გიორგი სიჭინავასთვის გიორგი სიჭინავა? პასუხის გაცემა მიჭირს. “გიორგის” სარკის გარეშე ვერ ვხედავ. არ ვიცი როგორ დაიარება, როგორ გამოიყურება საზოგადოებაში. გიორგი, გიორგისთვის, ხან სავლეა, რომელიც პავლედ იქცა, ხან კი, მგონია სავლედან გაქცეული, რომელიც ვერ იქცა პავლედ. ის გიორგი ხან ამპარტავანია, ხან თავმდაბალი. სურვილი კი მაქვს, ბოლომდე გავიცნო, მაგრამ შეუცნობელი ვინმეა, ვინაიდან ვერ შევდივარ მასში, როგორც მზიან ამინდში ვეღარ ვუერთდები საკუთარ აჩრდილს.
ადამიანად მოსვლის მისია…
ადამიანად მოსვლის მისია სრულიად მხოლოდ მაცხოვარმა შეასრულა. თუ ჩემში დადებითი ჭარბობს უარყოფითს, თავს ბედნიერად ჩავთლი.
დროის უკან შემობრუნება, რომ შეიძლებოდეს…
ბევრს არაფერს შევცვლიდი. ერთ ორ კაცს პანღურს ამოვარტყამდი მხოლოდ. თუმცა, ამისთვის წარსულისკენ დედამიწის უკუღმა შემოტრიალება არ ღირს.
ოჯახი…
მყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი. ოჯახი ადამიანის თავშესაფარია. ის იგივეა, რაც სულისთვის სხეული.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ