გიორგი გულუა და მისი “ვირუსული პოეზია”


  • “ზუგდიდიელების” სტუმარია, ჩხოროწყუელი ახალგაზრდა შემოქმედი გიორგი გულუა.

-გიორგი მოგვიყეევით თქვენზე?
– ზოგადად არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი და არც გამომდის, მაგრამ გეტყვით, რომ ვარ პოეტი გიორგი გულუა 24 წლის, დავიბადე და გავიზარდე ჩხოროწყუში. პროფესიით ვარ ინგლისურის ფილოლოგი, მაგრამ ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. პოეზიას მოვკიდე ხელი… ოთხი წელია, ლექსებს ვწერ.
– თქვენი დაინტერესება პოეზიით ხომ არ გამოუწვევია, რომელიმე საყვარელ პოეტს?
-არა, ნამდვილად არც ერთი პოეტი არ ყოფილა ჩემი ინსპირაციის წყარო… ბავშობიდან მქონდა, შინაგანი გამოძახილი, რომელიც რაღაც ფორმით უნდა გამომეხატა და ასე, პოეზიის ფორმით გამოვხატე რაც სათქმელი მქონდა, ის, რასაც მანამდე ვერ ვამბობდი, გადმოვეცი ლექსების სახით. …და რადგან პოეტებზე მკითხეთ, აქვე ვიტყვი, ყველა ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ვახტანგ ჯავახაძე.
-პირველი ლექსი… წესით, უნდა გახსოვდეთ
– სიმართლე გითხრათ, პირველი ლექსი არ მახსოვს (ფიქრობს)… გამახსენდა, ეს სახუმარო ლექსი იყო,რომელიც “ვეფხისტყაოსნის” ნაწილისგან მქონდა გადაკეთებული.
– სოციალურ ქსელში, პოპულარულია თქვენი ლექსები, “ვირუსული პოეზიაც” უწოდეს… საზოგადოების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა…
– ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები, ხშირად ვმოგზაურობ და ბუნებრივია, არ დავდივარ საწერკალმით და ფურცლით… როცა მომდის მუზა, ჩემს პოეტურ სტრიქონებს სოციალურ ქსელში ვანთავსებ და ვაქვეყნებ. კრიტიკა ბუნებრივია… როცა თავს იმკვიდრებ ნებისმიერ სფეროში, ყოველთვის დაგხვდება წინააღმდეგობა და განსხვავებული აზრი. ვთვლი, რომ ადამიანი ნებისმიერ სფეროში ჯანსაღი კრიტიკით იზრდება, თუმცა არ შეიძლება ყველას კრიტიკოსი ერქვას. ჩემი შემოქმედების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდნენ ის ადამიანები, რომლებიც არც იქით იყვნენ და არც აქეთ,–ერთი სიტყვით, პოეზიისგან ძალიან შორს იყვნენ. ასეთი ადამიანები კი, საერთოდ, არ უნდა აკრიტიკებდნენ არა მარტო ჩემს შემოქმედებას, არამედ საერთოდ, პოეზიას. პირველად, როცა სოციალურ ქსელში განვათავსე ჩემი ლექსი ვიდეოს სახით, ვიცოდი, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექი, რადგან ადამიანები იყოფიან კატეგორიებად: ზოგი კარგს იტყვის, ზოგი ცუდს და ჩემს შემთხვევაშიც ორივე იყო,–კარგიც და ცუდიც, მაგრამ დროთა განმალობაში, მოხდა ისე, რომ ჩემს შემოქმედებასთან მიმართებაში, ძირითადად, დადებითი ემოციები წამოვიდა. კრიტიკას, რა თქმა უნდა, თავიდან განვიცდიდი, ფსიქოლოგიურად მძიმე მომენტია, როცა ვიღაცა ცუდს ლაპარაკობს შენს შემოქმედებაზე, რომელშიც შენ, მთელ შენს სულს და გულს დებ. დროთა განმალობაში მივხვდი, რომ ადამიანები, რომლებიც კრიტიკულები იყვნენ, შური ალაპარაკებდათ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადავლახე  და ახლა ეს ნამდვილად არ მადარდებს.
-პირველი წარმატება?
– ამ ეტაპზე, მხოლოდ სკოლის ატესტატი მახსენდება პირველ წარმატებად.
-რამდენიმე პოეზიის საღამო გქონიათ… ნუთუ, ეს არ იყო წარმატება?
– ალბათ… საკმაოდ ბევრჯერ მქონია პოეზიის საღამო და თითქმის ყველა ქალაქში და რაიონში…
-მაგრამ რამდენი ლექსების კრებული მხოლოდ ერთი გაქვთ…
– ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი…
– როგორ ფიქრობთ, საკმარისია ის ყურადღება, რომელსაც შემოქმედი ადამიანების მიმართ იჩენენ?
– დიახ, მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს და არამარტო პოეტებს, მთლიანად კულტურას. ნიჭიერ ადამიანებს სჭირდებათ, უფრო მეტი დაფასება და ყურადღება.
– ვინ არიან თქვენი გულშემატკივრები?
– მშობლები, ჩემი ტყუპი ძმები. როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ისე ჩემთვისაც, ოჯახის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მე, მათთან ხშირად არ ვარ.
-როგორია პოეტის გეგმები?
-სამომავლო გეგმებზე წინასწარ არასდროს ვლაპარაკობ, მაგრამ… ძალიან მალე ვაპირებ ახალი კრებულის გამოცემას. დიდი სურვილი მაქვს, გავმართო პოეზიის საღამოები,–ჩემი შემოქმედება მინდა გავაცნო რაც შეიძლება მეტ ადამიანს…
– წარმატებებს გისურვებთ.
– მადლობა “ზუგდიდელებს” ჩემი შემოქმედებით დაინტერესებისთვის. მინდა, თქვენს მკითხველებს ვუძღვნა ჩემი ის სტრიქონები, რომელიც გამორჩეულად მიყვარს…
“ალუბლები…
დაიწყება ზღვის მოქცევა მალე, მზე ტალღების შფოთვამ შეიწირა ალბათ, ახლა შენც უყურებ მთვარეს. ოდნავ შემოღამებული ციდან, ქარი მითვლის ხერხემალზე მალებს. ქარი გრიგალს არასოდეს ნანობს. მე თუ შენი სიყვარული ვმალე, მხოლოდ ჩემი სიმორცხვის და გამო. გახსოვს, იმ დღეს, რა ლამაზად ცრიდა ალუბლების უნებლიე ლიბე და ხელები მის ფოთლებზე ცრიდა, მთელ სამყაროს იტევდა და კიდევ რამდენ რამეს. ერთდროულად სიცილს, სითბოს, ტკივილს ცხრამეტამდე თოვას. ღამე ისე მეპარება ვიცი, ვგრძნობ, რომ ახლა სულ სხვა ვინმე მოვა და თვალებზე ამაფარებს თითებს, დამეყრდნობა გაყინული მხრებით. მე ვზივარ და უშენობას ვითმენ ცარიელი სანაპიროს გვერდით და არ მყოფნის რაც ცოფები ვყარე. სიგიჟესაც ვერ ვაყოლებ ხის ნავს, შეიძლება შენც უყურებ მთვარეს, ანდა, სულაც უდარდელად გძინავს, მე ოდესმე გამეხსნება ტვინი, რომ სათქმელი ბოთლში არ ეტევა და ანახებს საყვარელო ვინ ვის, როგორ უნდა სხვისი გამეტება. დაასრულებს ზღვა მოქცევას მალე. მან წუხელის მთვარეც შეიწირა. რაც მე დღემდე უშენობით მავნე, მავნებს მაგრამ არა, როგორც წინათ. ფოთლებს მაყრის ზურგის მხრიდან უხვად მხრებზე, ვიღაც მოუყვება, კიდეც ალუბლები უნებლიედ წუხან მეცხრამეტე თოვაზე და კიდევ…”
–მადლობა…

ანა ჯალაღონია, სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!